შვებულებების დროს საჯარო დაწესებულებების მანქანებში 23  902 ლიტრი საწვავი ჩაასხეს - აუდიტის დასკვნა

14:01 09-14-2019
206

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური აუდიტი, რომელიც 2017 წელს მოიცავს.

დასკვნაში, რომელიც 13 სექტემბერს გამოქვეყნდა, 34 ორგანიზაციის სარგებლობაში მყოფი 735 ავტომობილის საწვავით გამართვის შემთხვევაა გაანალიზებული.

2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა.

აღნიშნული ავტომობილების განაწილება უწყებების მიხედვით ასეთია:

აღმასრულებელი ხელისუფლება - 13,226 ავტომობილი, ხარჯი 103,423,792 ლარი; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები - 2,171 ავტომობილი, ხარჯი 16,961,776 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 337 ავტომობილი, ხარჯი 3,617,028 ლარი; აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა - 19 ავტომობილი, ხარჯი 313,316 ლარი;

აუდიტის დასკვნით, შვებულებაში ყოფნისას 10 ორგანიზაციაში ავტომანქანების საწვავით გამართვის 673 შემთხვევა გამოვლინდა, რა დროსაც ჩასხმულია 23  902 ლიტრი საწვავი. შესწავლილი ორგანიზაციებიდან, ხუთი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაშია. მათგან ყველაზე მეტი საწვავის მოხმარება შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და ცენტრალურ აპარატს დაუფიქსირდა.

გარდა ამისა, დასკვნაში წერია, რომ შვიდ ორგანიზაციაში ავტომანქანების საწვავით გამართვის 44 შემთხვევა გამოვლინდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების დროს. ჯამში ჩასხმულია 1633 ლიტრი საწვავი.