მიკვირს მათი, ვისაც ძალიან უჭირს, პურის ფული არა აქვს, ბინა არა აქვს და მაინც 9-10 შვილს აჩენს - ქეთი დოლიძე

13:25 09-14-2019
1478

რეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბრობს. რეჟისორთან ინტერვიუს ჟურნალი „გზა“ აქვეყნებს.

„ამჟამად საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ მშობლების ხარჯზე ოჯახის შექმნა არ შეიძლება. თუ ქართველი კაცები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ და ამის შემდეგ დაქორწინდნენ, მე მხოლოდ მივესალმები. უცხოეთში, ყველაზე მოწინავე ქვეყნებში, 30-35 წლამდე ოჯახებს აღარ ქმნიან და ისეთ სერიოზულ ნაბიჯს, როგორიც შვილის გაჩენაა, გააზრებულად დგამენ. მე არ მომწონს, როცა ოჯახს ძალიან ადრეულ ასაკში ქმნიან. ჩემი შვილის მეგობრებს, ვინც 18-20 წლის ასაკში დაქორწინდა, ოჯახი თითქმის ყველას დაენგრა.

მე იმ ხალხისა მიკვირს, ვისაც ძალიან უჭირს, პურის ფული არა აქვს, ბინა არა აქვს და მაინც 9-10 შვილს აჩენს. რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს – გაჭირვებისა და უმწეოებისთვის? როგორ შეიძლება შვილები სახელმწიფოს იმედად გააჩინო? ადამიანმა იმდენი შვილი უნდა იყოლიოს, რამდენსაც სრულფასოვნად აღზრდის. როდესაც ცნობილი ბიზნესმენი ან შეძლებული ადამიანი აჩენს 5-6 შვილს, მე ამას პირიქით, მივესალმები, მაგრამ ადამიანი, რომელიც ვაგონში ცხოვრობს და ელემენტარული პირობები არა აქვს, მრავალშვილიანობაზე არ უნდა ფიქრობდეს”, - ამბობს ქეთი დოლიძე ინტერვიუში.