გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის ოფიცერი დააკავეს

10:27 09-14-2019
21

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ვაჟა ბ. დააკავეს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრის ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.