ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

09:54 09-14-2019
24

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 55 წლის ქალი გადმოიყვანა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ახალგორელები სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობდნენ.

დეფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ახალგორში მოძრაობა გაურკვეველი ვადით არის აკრძალული. მოსახლეობა ვერ გადაადგილდება. 

გუშინ საღამოს საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომას. 

ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე „მოსაბრუნსა“ და „სინაგურში“ ჩაკეტა. 

დეფაქტო მთავრობის განმარტებით, ე.წ. საზღვარი ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, რომელიც ვითარების ნორმალიზების შემდეგ გაიხსნება.