ის, რაც ნარმანიამ საქართველოში ვერ მოახერხა - დანიაში მილიონ ხეს დარგავენ

21:21 09-13-2019
157

2014 წელს, წინასაარჩევნო გამოსვლის დროს თბილისის იმ დროინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იზრუნებს ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე და ამ ყველაფრისთვის, დედაქალაქში მილიონამდე ხეს დარგავენ და გაახარებენ.

მართლაც, თბილისის მერიამ „მილიონი ხის“ პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერად არჩევისთანავე, შემოდგომიდან დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში დედაქალაქში 480 200 ძირი ხე დაირგო, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 264 436 ლარი დაიხარჯა.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობა დღემდე „ვერ ხედავს“ ექს-მერის დარგულ და გამწვანებულ თბილისს. სოციალური ქსელის დაუნდობელი მომხმარებლებისთვის ეს დღემდე საქილიკო საგანია.

 

/რუკის მიხედვით, აღმაშენებლის გამზირზე 3000 ხე უნდა იყოს დარგული/

ის, რაც ნარმანიამ თბილისში ვერ შეძლო, დანიის სამეფოში აპირებენ. ნახეთ, როგორ არის შესაძლებელი ამ ყველაფრის ორგანიზება.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, 14 სექტემბერს დანიაში გაიმართება ტელემარათონი, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მილიონი ხის დასარგავად თანხის შეგროვება არის დაგეგმილი.

ღონისძიება სახელწოდებით „დანია ხეებს რგავს“ ნაციონალური ტელეკომპანიის „TV2-ის“ ეთერში ორნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

იდეის ინიციატორები ამბობენ, რომ ხეების დარგვა ქვეყანაში ნახშირორჟანგის დონის შემცირებას და კლიმატურ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმარება. ღონისძიება კოპენჰაგენის მახლობლად ტყეში გაიმართება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი ხეს დარგავს.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დანიის გარემოს დაცვის ორგანიზაციას მილიონი ხის დასარგავად 20 მილიონი კრონის, ანუ 2,5 მილიონი ევროს შეგროვება დასჭირდება. შეგროვებული თანხის 10%-ს ტროპიკული ტყეების გადასარჩენად ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონს (WWF) გადაურიცხავენ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე