თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

20:00 09-13-2019
18

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.

ცნობილი პანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებული, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს გაიხსნება.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს მოუსმინონ.

ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად მოეწყობა „საუბრები მუსიკაზე“, რომლის ფარგლებში, საინტერესო სტუმრებთან შეხვედრები თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, ფესტივალს საქართველოს კულტურის სამინისტრო უწევს ორგანიზებას.

„ეს ფესტივალი თითქმის ორმოცი წლისაა. ყოველთვის თელავში ტარდება. წელსაც, ტრადიციულად, თელავი მასპინძელი ქალაქია“, - განაცხადა ყუშიტაშვილმა.

მუსიკალური ფესტივალი ოთხმოციან წლებში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ დააფუძნა. თავდაპირველად, მას „ქება ვაზისა“ ერქვა.

თავად ფესტივალის დამაარსებელი წელს მაყურებლის წინაშე 26 და ფესტივალის დასკვნით კონცერტზე, 29 სექტემბერს წარსდგება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი