აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო – მარია ზახაროვა

17:42 09-13-2019
262

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“ და ამას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ადასტურებს.

„ფაქტია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა, თუ სურთ, გაიგოთ რა ხდება აფხაზეთსა და ოსეთში, უნდა ესტუმროთ მათ, ესაუბროთ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს და მუშაობს და არა მათ, ვინც ბოლო წლების განმავლობაში იქ არ ყოფილა”, -თქვა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ამერიკელი კოლეგები რუსეთს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ადანაშაულებენ და მშვიდობის ნაცვლად, დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.

„ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით კი ამერიკელი კოლეგები განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას. ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ყველაფერს პირიქით აკეთებენ ამიერკავკასიაში დესტაბილიზაციისთვის. თუ კონკრეტული ფაქტების შესახებ ვილაპარაკებთ, ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით და ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობით და გამუდმებით საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე”, -თქვა ზახაროვამ.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკვე გაუგზავნა ხელმეორედ არჩეულ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მისალოცი ბარათი.

 

ავტორი: თეა შონია