ჩვენ გვაქვს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა - არჩილ თალაკვაძე მარია ზახაროვას განცხადებაზე

17:34 09-13-2019
28

„საქართველო არ არის მარტო, ჩვენ გვაქვს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ასოცირების ხელშეკრულება, ევროპაში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების პროცესი, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა“, - ასე გამოეხმაურა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველოს ითრევენ სამხარეო გაერთიანებაში.

„რუსეთს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს, ოკუპაციის განმტკიცებას, მსოფლიოს იარაღის ჟღარუნის მეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან არაფერი ესმის, რუსეთს აქვს ტერიტორიული ინტერესები და იქ მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ მილიტარისტულ პოლიტიკას სთავაზობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა, არჩევნების შემდეგ, მთავრობის დაკომპლექტებაზეც.

„გამარჯვებული პარტია დააკომპლექტებს მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ მან მიიღო ამისათვის საჭირო ხმები და მანდატები პარლამენტში.ხოლო თუ ერთ პარტიას არ ექნება, ამისათვის საკმარისი მანდატები, მაშინ ის გააკეთებს კოალიციას. ვინ ვისთან შექმნის კოალიციას, ეს არის პოლიტიკური კონსულტაციების საკითხი და ეს არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი“,- განცხადა თალაკვაძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას მოწოდებაზე, არავინ ითანამშრომლოს ქართულ ოცნებასთან, თალაკვაძემ ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, დანარჩენი ოპოზიციისათვის თავისი დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა უწოდა.

„ეს არის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა, ვინაიდან წინ უსწრებს იმ მოვლენებს, რომელიც რეფორმით არის უზრუნველყოფილი.ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შედეგების მიხედვით და არა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე“, - თქვა თალაკვაძემ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი