ინგამ და ვახომ რომ იკამათონ და თქვენ სახლში მოიწვიოთ… - როგორ აფასებს ნუკრი ქანთარია ხაზარაძის განცხადებას

17:33 09-13-2019
279

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ TVპირველის ეთერში მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არ იცის, გენპროკურორი იქ რა სტატუსით იმყოფებოდა, როგორც პიროვნება… თუ იყო საერთოდ…

მანამდე, ხაზარაძემ tv პირველის ეთერში განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სოლოლაკის რეზიდენციაში შეხვდა „ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა თიბისისა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის დავა და მას მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა.

ნუკრი ქანთარიას ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ჰკითხა, ხომ არ მიუთითებს ეს შეხვედრა ინსტიტუციურ პრობლემაზე ქვეყანაში, როდესაც კერძო ბიზნესმენების დავას ესწრება მთავარი პროკურორი.

„ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა ორ ბიზნესმენს მისვლა. ახლა თქვენ და ვახო სანაიას რომ მოგივიდეთ გარკვეული კამათი, ან პირიქით, ინგას და ვახოს რომ მოუვიდეთ კამათი და თქვენ ორივე სახლში მოიწვიოთ და უთხრათ: კარგით ახლა, ერთ-ერთმა დათმეთო. არ მგონია, ამაში დანაშაულის ნიშნები უნდა ვეძებოთ. თუ არ უნდოდა იქ დათმობა, უნდა ეთქვა, რომ კი ბატონო… და დათმო პირიქით, როგორც თვითონ ამბობს, ჩხარტიშვილმა. ჩვენ გამარჯვებულები წამოვედითო. მორიგდნენ, დაზავდნენ, პრესის და ჟივილ-ხივილის გარეშე. ახლა როცა პოლიტიკისთვის გჭირდება და ამ ამბებს ასე იხსენებ, შენი ინტერპრეტაციით, ბუნებრივია, სუბიექტურად, ყველა ადამიანი, ვინც იქ იყო, თავისი გადასახედიდან მოჰყვება ამ ამბავს და ჩვენ რა ვქნათ ახლა, ამაზე ვიმარჩიელოთ?”,- უთხრა დიანა ტრაპაიძეს ქანთარიამ.

წამყვანმა ქანთარიას კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი და ვახო სანაიას ჰიპოთეტურ “საქმის გარჩევას” ინგა გრიგოლიას სახლში ქვეყნის მთავარი პროკურორი არ დაესწრება. არც წამყვანის პასუხი დატოვა ქანტარია რეპლიკის გარეშე და დასძინა:

„თქვენი ახლობელი ან ნათესავი რომ იყოს მოსამართლე და ისიც რომ დაასწროთ, როგორც იურისტი, გვითხარი: მართლები ვართ თუ არაო. როგორც პიროვნება და არა როგორც ინსტიტუციის წარმომადგენელი? აქ მარჩიელობა ზედმეტი მგონია”, - დასძინა ქანთარიამ.