"ქვის ზოოპარკი" ზუგდიდში (ფოტოები)

16:22 09-13-2019
353

ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე, ერთი საცხოვრებელი ბინის ეზოს ახლა ტრაფარეტი „ლამაზი ეზო“ ამშვენებს.

ოსტატი მიშა ფიფია ტერიტორიის გალამაზებისთვის, თითქმის, 7 წელია მუშაობს. სკულპტურებს საკუთარი ხარჯებით ამზადებს, საბოლოო სახეს აძლევს და ეზოში დგამს. ხანდახან, მეზობლებიც ეხმარებიან.

„მინდოდა, ბავშვებისთვის, ქალაქისთვის რამე დამეტოვებინა. თუ ამომიდგა ვინმე მხარში, ხომ კარგი, თუ არადა გავაგრძელებ... დასასრულებელია, მთელი ეზო უნდა ავითვისოთ“, - გვითხრა ოსტატმა.

საკუთარი ეზო განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს. აქ სათამაშოდ ისინი მეგობრებს სხვა უბნებიდანაც ეპატიჟებიან.

„ძალიან მოგვწონს ეს სკულპტურები, ძალიან ვერთობით ხოლმე აქ“, - ამბობენ ისინი.

ზუგდიდელი მიხეილ ფიფია წლებია ბეტონისგან ცხოველებისა და ფრინველების ქანდაკებებს ქმნის.

პროფესიით, ხე-ტყის ექსპერტია. მისი ნამუშევრებით ტურისტებიც არ რჩებიან გულგრილი. ცხოველების სკულპტურების გარდა სკვერში მცენარეებსაც რგავს.

„იშვიათი ჯიშის ხე-ტყის ექსპერტი ვარ. თურქების წარმომადგენელი ვიყავი საქართველოში. დასავლეთში, ვინც ხე–ტყეზე მუშაობს, თითქმის ყველა მიცნობს. ხე-ტყის წარმოება, რომ გაჩერდა ბეტონით ქანდაკებების შექმნაზე დავიწყე ფიქრი. ხშირად მეკითხებიან, რა მოტივაცია მქონდა… საერთოდ, უსაქმურობა და ერთ ადგილას გაჩერება არ მიყვარს. მომწონს როცა საქმით ვარ დაკავებული, განსაკუთრებით, როცა ჩემი ნახელავით სხვებს სიამოვნებას ვანიჭებ. მამაჩემი ნოდარ ფიფია მშენებელი კაცი იყო. ზუგდიდში ცხრასართულიანი კორპუსები, რაც არის, მისი აშენებულია. სულ მის გვერდით ვიყავი. ვხედავდი, როგორ აშენებდა მაღალსართულიან სახლებს. მეც, მის მსგავსად, მინდოდა, ხალხისთვის სიხარული მიმენიჭებინა და ვფიქრობ, გამომივიდა კიდეც. სტადიონის გარდა, სკვერზე, რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. ყოველდღე მომქონდა რაღაც ახალი და ვცდილობდი, გამელამაზებინა აქაურობა. აქ სხვადასხვა ჯიშის ხეები და მცენარეები მაქვს დარგული. ხეებს მეგობრები მჩუქნიან. ზოგჯერ მე მომაქვს. ხომ ხედავთ, ჯვარს, მეუფეს ვაკურთხებინეთ. კორპუსში 150 ოჯახი ცხოვრობს, ვისაც რა შეუძლია და როგორ, შეძლებისდაგვარად, მეხმარებიან. ზოგჯერ მჩუქნიან ცემენტს, ზოგიერთი მეგობარი ჯართს იბარებს, მიკავშირდებიან, მერე ხან არმატურას მჩუქნიან და ხან რას. რა თქმა უნდა, ყველაფერს შრომა და დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი უბნის სიყვარულით ვაკეთებ”,- ამბობს იგი.

ქანდაკებების შესაქმენლად მხოლოდ რკინას, ბეტონს და საღებავს იყენებს. ამბობს, რომ მისი ქანდაკებები უსაფრთხოა, რადგან ქიმიკატებს არ შეიცავს. მუშაობისას, მხატვრებისგან, რჩევებს და რეკომენდაციებს იღებს. მიშა ბეტონთან მუშაობას ახალგაზრდებს ასწავლის. ამ ეტაპისთვის, მას ოთხი მოსწავლე ჰყავს და უფასოდ ამეცადინებს.

„ვხედავ მათ, როგორ აინტერესებთ ეს საქმე, მონდომებულები არიან. სწავლობენ და რაც მთავარია მოტივაცია გააჩნიათ. პირველად ლომები გავაკეთე. შემდეგ არწივი. მე მგონი, ხალხს მოსწონს ჩემი ნახელავი. ამის თქმის საბაბს ის მაძლევს, რომ ქანდაკებების სანახავად ძალიან ბევრი ადამიანი მოდის.

სტუმრობის შემდეგ, კმაყოფილები მიდიან პატარები, უხარიათ აქ ყოფნა. ხშირად მოდიან მეზობელი ქუჩებიდანაც. ქანდაკებები უყურადღებოდ არ რჩებათ ტურისტებს. ფოტოებს უღებენ და ძალიან მოსწონთ. მეც სამახსოვროდ სუვენირებს ვჩუქნი. ერთხელ რუსმა ტურისტებმა მითხრეს, არც ისეთი ღარიბები ყოფილხართო, რასაც თქვენ აკეთებთო ეს ფუფუნების საგანი არისო. ქანდაკებების ფასი ათი ლარიდან იწყება და 2 ათას ლარამდე აღწევს. ვერ ვიტყვი, რომ მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ მაინც ვახერხებ, ვმუშაობ შეკვეთებზეც, ყველაფერს შრომა და დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი უბნის სიყვარულით ვაკეთებ”,-გვითხრა მიშა ფიფიამ.

ავტორი: თეა შონია