რისთვის უნდა დამაპატიმრონ?! - ნიკა მელიას პროკურატურასთან პრეტენზიები აქვს

16:10 09-13-2019
77

ტელეკომპანია „კავკასიაში“ მისვლა მეკრძალება და პროკურატურაში არა? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მიმართ ასეთი მოქცევა სასაცილოა.

„ხალხო სირცხვილია, სასაცილოა უკვე რაზე გესაუბროთ?! ტელეკომპანია „კავკასია“ პროკურატურის შენობიდან 200-300 მეტრის დაშორებითაა, იქ მისვლა მეკრძალება და პროკურატურაში, რომელიც ყველაზე მეტად დროის მხარჯველი ორგანოა, აქ მოსვლა არ მეკრძალება?! რისთვის უნდა დამაპატიმრონ? იმის გამო, რომ ტელევიზიაში მივდივარ სალაპარაკოდ?!“ - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა.

როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

დღეს იგი პროკურატურაში დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს.