„მწერალი უნდა იყოს ყველგან - ქუჩაშიც, აქციაზეც, ომშიც...“ - ხაზარაძის მოძრაობის წევრი თეონა დოლენჯაშვილი

15:01 09-13-2019
109

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას სხვა ხელოვანებთან ერთად მწერალი თეონა დოლენჯაშვილიც შეუერთდა. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

თეონა დოლენჯაშვილი: - დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დავაფუძნეთ. დღეს საღამოსვე ინგა გრიგოლიას რეაქციაში კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა - უნდა იყოს თუ არა მწერალი რომელიმე მოძრაობის წევრი? მტკიცედ მწამს, რომ მწერალი უნდა იყოს ყველგან სადაც საჭიროა, ის უნდა იყოს აქციაზეც, ქუჩაშიც, ეთერშიც, მოძრაობაშიც, ომშიც, ცეცხლის წინა ხაზზეც და საერთოდ ყველგან, სადაც მისი ქვეყნის ბედი წყდება!

ვინ იყვნენ ამ ქვეყნის რეფორმატორები, თუ არა მწერლები? ვინ იყვნენ თერგდალეულები? ვინ იყვნენ 37-ში პირველ ხაზში რეპრესირებულები? ვინ იყვნენ თავისუფალი სიტყვისთვის დევნილები, თუ არა მწერლები? მწერლები ქმნიან ყველაზე მთავარს - იდეოლოგიას. ყველაზე მძლავრი იარაღით - სიტყვით! და ჩვენი სიტყვა, აზრი, მოქმედება დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. 

ამიტომ ჩემო ძვირფასო კოლეგებო, და არა მხოლოდ, ნუ დავემსგავსებით იმათ ვინც, როდესაც ილიას, ტიციანს თუ პაოლოს შუბლს უხვრეტდნენ, ჩუმად იყვნენ. ვინც ყველაზე საჭირო დროს ოთახში იკეტებოდა და იქიდან ბრაზობდა. გულგრილობა, "მე ჩემი საქმე მაქვს და ვწერ" - პოზიცია ახლა ყველაზე დიდი დანაშაული მგონია. ვისთვის ვწერთ? ვისთვის ვკითხულობთ? რისთვის ვქმნით რამეს, თუ სახელმწიფო აღარ გვექნება, თუ კრემლის იდეოლოგები და თანამედროვე ჩეკისტები დღესაც ისევე გვიხვრეტენ ტვინებს, გვართმევენ მიწებს, გვინგრევენ სახელმწიფოს და მენტალურად თუ ფიზიკურად გვართმევენ ქვეყანას? შემოგვიერთდით. ხმის ამოღების დროა. მოძრაობის დროა. თქვენი ლელო თქვენი გასატანია. და ეს ყველაზე უკეთ თქვენ შეგიძლიათ, რადგან ჰაისს რომ დავესესხოთ: "პოლიტიკა ვერ განსაზღვრავს კულტურას, მაგრამ კულტურამ შეიძლება განსაზღვროს პოლიტიკა".

მოძრაობა „ლელო“ გუშინ დაფუძნდა, მისი პრეზენტაცია ანაკლიაში, სანაპიროზე მოეწყო. პრეზენტაციას ანაკლიაში ესწრებოდნენ მხატვრები - ქეთი მატაბელი და გია გუგუშვილი. მათ გარდა მოძრაობის წევრი იქნება მწერალი თეონა დოლენჯაშვილიც, საიას ყოფილი ხელმძღვანელები - ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე. ასევე - ნინო მგალობლიშვილი, თამთა შავგულიძე, ირაკლი აბაშიძე... 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე