ყვითელი დაფა... ნაჩქარევი და გაუაზრებელი - მიზეზები, რის გამოც, მამუკა ხაზარაძის „ლელო“ გააშარჟეს

13:33 09-13-2019
1205

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურობენ.

დეტალები, რომელიც პრეზენტაციის შემადგენელი ნაწილი იყო, გააშარჟეს.

პრაიმტაიმი“ თემის ანალიზისთვის რეკლამის სპეციალისტ ირა ჭელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ანაკლიაში გამართული პრეზენტაცია სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით შეაფასა.

სპეციალისტის აზრით, როდესაც პოლიტიკური მოძრაობა ან პარტია ასპარეზზე გამოდის, პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია.

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იყო ნაჩქარევი, მოუმზადებელი და გაუაზრებელი. სწორედ ამან გამოიწვია სრულიად სოციალური ქსელისა და საზოგადოების ღლიცინი, არადა როდესაც პოლიტიკური მოძრაობა ან პარტია გამოდის ასპარეზზე, პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. 

დიახ, შეცდომების გამოსწორება დროთა განმავლობაში შესაძლებელია, მაგრამ პირველი ეფექტი საზოგადოების ცნობიერებაში რჩება. შესაბამისად, აუცილებელია, როდესაც ასეთ ხმამაღალ განაცხადს აკეთებ, მით უმეტეს, ფიგურასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, სტარტი ჰქონდა მძიმე, მასზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საზოგადოებაში მისი იმიჯი არის ბანკირის. ძნელია გარჩევა, თუმცა საქართველოში ბანკირებს ცუდი იმიჯი აქვთ. სამართლიანად თუ უსამართლოდ, ამის გარჩევა რთულია“, - განმარტა ჭელიძემ.

მისი შეფასებით, ხაზარაძე არის ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობს, რომელსაც ბევრი ადამიანი სცემს პატივს და საქართველოს ეკონომიკისთვის ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული, თუმცა სახალხოდ ძალიან მძიმე იმიჯი აქვს.

„მოცემულობა მძიმე სტარტია, კომუნიკაციით უნდა გამოასწორო და ამ დროს ვიღებთ ზღვას და პლიაჟს. დიახ, ეს სიმბოლურია - ანაკლია, მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ აშენდება ანაკლია და რატომ გვეჭიდავებითო?! ასევე, ყვითელი დაფა, რომელიც შემდგომ ფოტოშოპით ინტერპრეტაციის ფანტასტიურ საშუალებას იძლევა.

გაუაზრებელია სახელიც, ქართული ენა გვაძლევს საშუალებას, რომ ერთი ასოს კონფიგურაციით, მტერმა ყველაფერი მოკლას. აქედან გამომდინარე, ადამიანს, რომელსაც ბევრ კარგ გუნდზე მიუწვდება ხელი, თუნდაც სტრატეგიული კომუნიკაციების, თუნდაც პიარის სპეციალისტებთან, რატომ ასეთი ნაჩქარევი, გაუაზრებელი და სუსტი სტარტი?! ასევე, საავტორო უფლების თემაზე რაგბის კავშირთან იურიდიულ დავაში შევიდა. ახლა ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ამ ყველაფრის გამოსწორებას“.

სპეციალისტი ხაზარაძის გუნდის შემადგენლობასაც აფასებს.

„მისი პიარ-სამსახურის წარმომადგენლების დიდი პატივისცემის მიუხედავად, მწერალი არ არის სტრატეგიული კომუნიკატორი, შესაბამისად, ესეც არასწორი ნაბიჯია. საქართველოში ხომ სოციალური ქსელი ძალიან უხეში და დაუნდობელია, არ არის საჭირო სამთავრობო ტროლებმა აგიგდონ, საკმარისია ნეიტრალური ადამიანიც, სწორედ აქ მთავრდება ყველაფერი.

და ბოლოს, იყო მოუმზადებელი, გაუაზრებელი ნაჩქარევი, რაში სჭირდებოდა ეს ვერ ვხვდები. ადამიანს, რომელსაც აქვს ფული და კავშირები, რომელსაც შეეძლო ძალიან კარგი სპეციალისტები მოეწვია, თუნდაც უცხოეთიდან“, - განუმარტა „პრაიმტაიმს“ რეკლამის სპეციალისტმა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე