გაიცანით, ავსტრიაში მოღვაწე ზუგდიდელი ჯაზ მომღერალი თეონა მოსია - „არ ვაპირებ ვიყო რუსეთის მონა “

16:23 09-12-2019
1174

ჯაზის მომღერალი ზუგდიდელი, თეონა მოსია 14 წელიწადია ვენაში ცხოვრობს. თეონამ, როგორც კონსერვატორიის სტუდენტმა, ვენის ცნობილ ჯაზ-კლუბ „ცვეში“ გამართა თავის დროზე კონცერტი და მას მერე ქმნის მუსიკას, ასწავლის სიმღერას და ჯაზით მიღებული თავისუფლებით ცხოვრობს თავის ხელოვნებაში. 

თეონა მოსია: „ერთ მშვენიერ დღეს ვენაში როკ-მუსიკოსი გავიცანი, რომელმაც მირჩია, რომ პრაინერის კონსერვატორიაში მესწავლა ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტზე. პირველად სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ფაქტს. ჩემთვის მუსიკა იყო თავისუფლება და მეგონა ნოტებით დაკვრა ან სიმღერა ძალიან შემზღუდავდა. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მართლაც ვიგრძენი შემოქმედებითი სტაგნაცია. შემდგომ ბოლო კურსზე ყოფნის დროს გამოიკვეთა ის მიმართულება ჯაზში, რასაც ამჟამად ვმღერივარ. სწავლის დამთავრებიდან რამოდენიმე თვეში უკვე მქონდა პირველი კონცერტი ამ პროექტით. ეს იყო 2014 წელის სექტემბერი და ამ დროიდან აქტიურად ვმღერივარ უმეტესად ჩემს მუსიკას“. 

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს თეონა მოსია ბავშვობიდან მღერის. 

თეონა მოსია: „ბავშვობაში ანსამბლში ბას-გიტარაზე ვუკრავდი. სამწუხაროდ პედაგოგებმა ვერ შეძლეს ჩემი ვოკალური შესაძლებლობების დანახვა, რაც ძალიან მიკვირს როგორც პედაგოგს. ვცდილობ არ გამომეპაროს არცერთ მოსწავლეში რაიმე მნიშვნელოვანი, პირიქით, ვცდილობ ვიპოვო მარცვალი და დავეხმარო გაღვივებაში“. 

მომღერალი ცდილობს ზაფხულობით მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდეს და დიდი ხნის მონატრებული მეგობრები მოინახულოს.

„განსაკუთრებით წელს ზაფხულში ვიგრძენი უსაზღვრო სითბო და ყურადღება ჩემი მსმენელისგან. ჩემს ქალაქში, ზუგდიდში მხოლოდ ქუჩაში მიწევს კონტაქტი არა და მსმენელს სცენიდან უნდა ვესალმებოდე და ახალ სიმღერებს უნდა ვუზიარებდე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პრობლემებისგან დაღლილ ადამიანებს ჩემი დანახვისას სახე განათებიათ და უკითხავთ, თქვენ ხომ თეონა მოსია ხართ. ეს მანიჭებს უდიდეს ბედნიერებას და ვხვდები რომ უფრო მეტი სიმღერები უნდა შევქმნა“, - გვიზიარებს ემოციას თეონა მოსია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც იგი აცხადებს, აგრძელებს აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას.

„მაქვს კონცერტები და ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. პროექტი რიმტირი ჯაზი სადაც ბავშვები სიმღერას და თავისუფალ იმპროვიზაციას სწავლობენ იზრდება და დაემატა ჯაზ-ვოკალისტთა გუნდი Rimtiri Jazzchor. 

​მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი პოლიტიკისგან შორსაა, ამბობს რომ როგორც ჯაზის მომღერალი აცნობიერებს, რომ რუსეთი მტერია.

მე პირადად არ ვაპირებ ვიყო რუსეთის მონა. შეუძლებელია იყო ჯაზის მუსიკოსი და ემონებოდე სხვას-განმარტა მომღერალმა.

ავტორი: თეა შონია