შვებულება დასრულდა. როგორ დავიბრუნოთ სამუშაო განწყობა

19:58 09-11-2019
63

შვებულება - მოვლენა, რომელსაც ყველა მუშაკი მოუთმენლად ელოდება. შვებულების პერიოდში კარგად დასვენების შემდეგ, ზოგისთვის რთულია უკან სამსახურში დაბრუნება და ჩვეულ რიტმზე გადასვლა. 

ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიფიქრია, „შვებულების შემდეგ, აღარ მინდა სამსახურში“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამსახური არ გიყვართ. ეს ფიქრები აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა თუ წაიკითხავთ ჩვენს რჩევებს, სამუშაო განწყობის დაბრუნებას უფრო სწრაფად შეძლებთ. 

1. შეეცადეთ აიღოთ შვებულების დღეები ისე, რომ სამსახურში დაბრუნება კვირის შუა დღეებში მოგიწიოთ. ორშაბათიდან სამსახურში გასვლის შემთხვევაში, სამუშაო კვირა მოგეჩვენებათ ძალიან გრძელი და დამღლელი, მაგრამ თუ მხოლოდ 2-3 დღეს იმუშავებთ, რიტმში დაბრუნება გაგიმარტივდებათ.

2. შვებულების შემდეგ, ნუ დაიწყებთ სახლში დაგროვილი სამუშაოს შესრულებას. არ ღირს სახლში მასშტაბური დალაგების მოწყობა, რემონტის ან დოკუმენტებთან მუშაობა. არაუშავს, თუ ამ საქმეებს მოგვიანებით მიხედავთ და გაუფრთხილდებით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. 

3. სანამ სამსახურში გახვალთ, იფიქრეთ, რატომ გიყვართ ის. გაიხსენეთ ყველაზე სასიამოვნო მომენტები, რომელიც სამსახურს და კოლეგებს უკავშირდება. შეიძლება ისიც იგრძნოთ, რომ საქმე გენატრებათ.

4. პირველი სამუშაო დღის წინ, აუცილებლად კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ აბაზანა, გემრიელად ისაუზმეთ და ამინდის შესაბამისად ჩაიცვით. 

5. პირველ სამუშაო დღეს შეეცადეთ, რომ ძალიან საპასუხისმგებლო დავალებები არ აიღოთ. თუ ეს შესაძლებელია, გადადეთ მნიშვნელოვანი საქმე სხვა დღისთვის. როდესაც ბოლომდე დაუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, შემდეგ შეუდექით საქმეს. 

6. არსებობს აზრი, რომ დიდხნიანი შესვენების შემდეგ, ადამიანის ფიქრის უნარი სუსტდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ეცემა IQ. თუ თქვენ გრძნობთ, რომ სამსახურში რაღაც მომენტში „იჭედებით“, არ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი, უბრალოდ უფრო მარტივად შესასრულებელი დავალებები აკეთეთ. 

7. ნუ იჯდებით სამუშაო ადგილას მუდმივად. ხანდახან უნდა ადგეთ, გაისეირნოთ, ყავა დალიოთ და კოლეგებს ესაუბროთ კიდეც. სუფთა ჰაერზე გასვლა არა თუ დღეში ერთხელ, არამედ 4-5-ჯერ არის საჭირო. 

8. თუ გრძნობთ, რომ პოსტსაშვებულებო დეპრესიაში ხართ, დრო გამოყავით ჰობისთვის, ან უბრალოდ დასვენებისთვის. ცუდია, თუ შვებულების შემდეგ სამსახური მთლიანად „ჩაგყლაპავთ“. მიუხედავად იმისა, შრომისმოყვარე ხართ თუ არა, 2-ჯერ მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ან იმ საქმეს, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე