ინფორმაცია მიკროსესხებით დაინტერესებული პირებისთვის - რა ხდება საფინანსო ბაზარზე

17:40 09-11-2019
167

სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ. ტენდენცია კი სწრაფი ტემპით გრძელდება.

ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა, მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ და ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებამ, საფინანსო სექტორზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე აისახა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზარზე 71 მიკროსაფინანსო ოპერირებდა, დღეს კი მათი რაოდენობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 55-ს შეადგენს. მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მიკროსაფინანსო კომპანიების კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობენ.

თემის ანალიზისთვის „პრაიმტაიმი“ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა.

მისი შეფასებით, მიკროსაფინანსოების და ლომბარდების რეგულაციებში მოქცევამ უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეებზე და რა თქმა უნდა ეკონომიკაზეც.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ მასშტაბური შეტევა დაიწყო მიკროსაფინანსოებზე და ლომბარდებზე. მიკროსაფინანსოების მიერ გასესხებული ფული შემცირებულია მილიარდ ლარზე მეტით რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არათუ ვერ აიღო სესხი, არამედ სესხი აიღეს სხვაგან და უფრო დიდი დანახარჯებით. აქ ორი ვარიანტია: ადამიანებს სჭირდებოდათ თანხა მაგრამ სესხი ვერ აიღეს ანუ ვერ მოხდა დანახარჯი, და მეორე მოქალაქეებმა აიღეს სესხი სხვაგან და უფრო დიდი საპროცენტო განაკვეთით.

მიკროსაფინანსოების მხრივ ხალხის მთავარი კრიტიკა იყო ის, რომ არ აკმაყოფილებდათ მათი პირობები. ეს გასაკვირი არ არის რადგან. რომელ ქვეყანაში უყვართ ხალხს ბანკები და მიკროსაფინანსოები, მაგრამ ამის გამო ხო არ შეიძლება რეგულაციებში მოაქციო მიკროსაფინანსოები“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

ხორგუაშვილის თქმით, მიკროსაფინანსოების დახურვით მთავრობამ კი არ შეუმსუბუქა მოქალაქეებს ყოფა არამედ პირიქით, მისოების დახურვამ გამოიწვია ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა.

„ყველაზე ცუდი ამ საკითხში არის ის, რომ მკვეთრად გაზრდილია ისეთი სესხის ტიპები, როგორიც არის მევახშეებთან სესხი, რომელიც არ აღირიცხება და არის კიდევ უფრო მეტ პროცენტიანი, კიდევ უფრო სახიფათო, რადგან ამოღების მექანიზმი შეიძლება არაკანონიერი ქმედება იყოს. შესაბამისად მთავრობამ კი არ გაუმარტივა ცხოვრება არამედ უფრო მეტად გაურთულა და გაუძვირა სესხი მოქალაქეებს. მთავრობის მიერ ეს ბრძოლა არა ჭარბვალიანობის შესამსუბუქებლად არამედ ხალხთან ბრძოლა უფრო არის რადგან, მიკროსაბინანსოების დახურვით ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვლმა.

მიკროსაფინანსოების შემცირების პარალელურად, სწრაფად იზრდება სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 193 ერთეულს შეადგენს. იანვარში, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.

ავტორი: ქეთი მუსერიძე