Exclusive როგორ იქცა ვიკა კალანდია Apple Watch-ის სარეკლამო რგოლის სახედ

14:30 09-11-2019
710

კომპანია Apple მსოფლიოს მალე ახალ iPhone 11-ს წარუდგენს. აიფონთან ერთად კომპანია ტრადიციულად ახალ Apple Watch-საც უშვებს. მის სარეკლამო რგოლში კი ქართველი მსახიობებია, მათ შორის ვიკა კალანდია, „ჩცდ“-ს თიკუნა. ვიკასთან ერთად რგოლში გადაღებულნი არიან – დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი და კობა შონია. 

 ვიკამ „პრაიმტაიმს“  ექსკლუზიურად უამბო, ერთი თვის წინ როგორ მოხვდა პრაღაში Apple Watch-ის გადასაღებ მოედანზე. ყველაფერი ასე დაიწყო: სარეკლამო სტუდია “მეტრომ” გასაიდუმლოებულ ქასთინგზე მიიწვია. 

ვიკა კალანდია: - იმდენად გასაიდუმლოებული ქასთინგი იყო, რომ არავინ არაფერს ამბობდა, რის ქასთინგს გავდიოდით. ამ სარეკლამოს თანამშრომლების მიმართ დიდი ნდობა მაქვს. ამიტომ ბევრი არაფერი მიკითხავს. მოკლედ, დამამტკიცეს და პრაღაში გავემგზავრე. ამის შემდეგ დაახლოებით საქმის კურსში ჩამაყენეს, რომ ეს გადაღება App-ს ეხებოდა. გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი, სადაც ამ რგოლზე დაახლოებით 400 კაცი მუშაობდა. რეჟისორი გახლავთ - იან პონს ჯეველი, რომელიც საუკეთესო რეჟისორების (რეკლამების კუთხით) ათეულშია შესული. სეტზე შესვლისას, ყოველ ჯერზე, „ჩექ ინს“ ვაკეთებდით, ტელეფონებს ვაბარებდით და „ჩექ აუთზე“ ისევ გვიბრუნებდნენ. 

გეგმის მიხედვით, ვიკა დასაწყისში, მხოლოდ ერთ სცენაში უნდა გადაეღოთ. თუმცა ბოლოს, Apple-ს წარმომადგენლებმა და ბრიტანულმა გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო და ქართველი მსახიობი ფინალურ კადრშიც ჩასვეს - სარეკლამო რგოლის მთავარ სახედ იქცა. ვიკა ფილმის სიუჟეტში მოხვდა. პრაღიდან უნდა გაფრენილიყო, რეგისტრაციამდე წუთები იყო დარჩენილი, რომ დარჩენა სთხოვეს. სამი დღით ჩასული, ცხრა დღით დატოვეს.

ვიკა კალანდია: - განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ რატომღაც მეორე სცენაში გადაღების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემი სცენა რომ დასრულდა, აეროპორტში წამიყვანეს და რეგისტრაციამდე ათი წუთი იყო დარჩენილი. ფილმებში რომ ხდება, ზუსტად ისე იყო. პროდიუსერმა დამირეკა და მეუბნება, სხვა რამეშიც გვინდა გადაგიღოთ და თუ შეგიძლიათ დარჩენაო? სხვა ქვეყენაში მივფინავდი, მაგრამ უცებ ისე ავფორიაქდი, დავრჩები-მეთქი, ვუთხარი. დამატებით კიდევ ხუთი დღე გადასაღებ მოედანზე დავყავი. ერთ-ერთი გადაღების დროს კოსტიუმების მხატვარმა მომმართა - main girl - მთავარი გოგო. მივხვდი,  უკვე კარგ ამბავში ვიყავი! ამ ფინალურ კადრებში გადასაღებ ლონდონელ გოგოსთან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და დავიძაბე. საფინალო სცენა პრაღის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას - მთებშია გადაღებული. 

 „ამ გოგოს ფანი ვარ, ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავებს მაგონებს“ - წერს ვიკაზე „ფეისბუქში“ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია. 

- ვიკა, „ჩცდ“-ში გიხილავთ?

- არ ვიცი, ჯერჯერობით. 

- და „ნეთფლიქსის“ სერიალს თქვენი მონაწილეობით როდის ვიხილავთ?

- ამ სერიალს აუცილებლად ყველა იხილავს. როგორც ვიცი, პრემიერა თებერვალშია დაგეგმილი. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე