ვანდალიზმი უნიკალურ მღვიმეში - დაზიანებულია სტალაქტიდები

13:36 09-11-2019
332

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი ე.წ. ჩაპას მღვიმე დააზიანეს. აღნიშნულის შესახებ ვახტანგ სიხარულიძე წერს. მღვიმე სწორედ მან და მისმა ძაღლმა აღმოაჩინეს.

„სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები. სირცხვილია... ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა, - ამბობს ვახტანგ სიხარულიძე.

მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში გასულ წელს აღმოაჩინეს. აღმოჩენილი მღვიმე სპელეოლოგებმა დაათვალიერეს.

როგორც ისინი ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია. თუმცა, მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე წლების განმავლობაში წარმოებული ქვის მოპოვებითი სამუშაოების გამო, ჩამოყრილია სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების დიდი ნაწილი.

მღვიმეში პირველი ექსპედიციის შემდეგ სპელეოლოგები აზუსტებენ არის თუ არა სადმე აღწერილი ეს მღვიმე, თუმცა, იმაზე დაყრდნობით რაც ნახეს, ვარაუდობენ, რომ ეს ახალი აღმოჩენაა, და ეს ადგილი დღემდე არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ ყოფილა აღწერილი.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე