შეუძლებელია ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდებია წერილზე - მამუკა ხაზარაძის ადვოკატი

13:20 09-11-2019
116

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან იმ წერილის ექსპერტიზაზე ისაუბრა, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას გახარიამ გაუგზავნა.

ადვოკატის თქმით, ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა, ჩვენ მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

„ჩვენ მივიღეთ ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზეც არის ის ანაბეჭდები, რომელიც გამოავლინა ექსპერტიზამ. ერთი კვირა დაგვჭირდება, მისთვის, რომ ინგლისიდან მივიღოთ ის დოკუმენტები, რომლებსაც პროკურატურაში წარვადგენთ. მასზე არის ათეულობით ანაბეჭდი. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე რთულია. შემდეგ უნდა დაუსვას გამოძიებამ მათ კითხვა, როგორ მოხვდა ეს ანაბეჭდები წერილში. ბრიტანეთიდან ჩვენ დამატებით ექსპერტიზას არ ველოდებით, გრძელდება ლინგვისტური ექსპერტიზა, რადგან ინგლისს არ გააჩნია ქართველი მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა, შეუძლებელია ამ ეტაპზე ითქვას ვისი ანაბეჭდებია წერილზე, ეს უკვე გამოძიების საქმეა. მე რისი მოლოდინი მაქვს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ ერთადერთი ორგანო, რომელსაც ამისი გამოძიება შეუძლია, არის პროკურატურა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის, 4 მარტს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური