კრამერმა ბოდიში უნდა მოუხადოს ირმას და ქართველ ხალხს - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი

13:00 09-11-2019
265

„როდესაც ქვეყანაში ჩამოდიხარ, ხარ სტუმარი და უნდა იცოდე, როგორ მოიქცე“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ „მთავარის“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დევიდ კრამერის საქციელი არაადეკვატური იყო.

„მისი საქციელი არის არაადეკვატური. ხელების შლა, ჟურნალისტების გაგდება. როდესაც ქვეყანაში ჩამოდიხარ, ხარ სტუმარი და უნდა იცოდე, როგორ მოიქცე. ეს ყველაფერი საზოგადოებამ კარგად ნახა. კარგი იქნება თუ თავად მოიხდის ბოდიშს, თუმცა ჩვენ ვაპირებთ ამერიკის საელჩოში მოთხოვნის გაგზავნას, რომ აიძულონ იგი მოიხადოს ბოდიში“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.