მადლობა თბილისის მერს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევისათვის - ბექა ოდიშარია

12:20 09-11-2019
403

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რომლის მიხედვითაც სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“ დაზარალებულ პირებს ბინები გადაეცემათ.

„დღეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის და პოლიტიკოსისათვის ტერმინმა „პასუხისმგებლიანი მთავრობა“ სრულიად ახალი სიმაღლე და მნიშვნელობა შეიძინა და ეს განცდა უკავშირდება თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას, რომელიც 2500 ოჯახისათვის, სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ხელახალ დაბადებას ნიშნავს, ხოლო ათასობით ამ ტიპის პრობლემის მქონე ადამიანს უქმნის მყარ იმედს იმისას, რომ ხვალ აუცილებლად დადგება მათი ჯერი და უმტკიცებს რწმენას იმისას, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ნამდვილად ზრუნავს მათზე. მადლობა თბილისის მერს და სამშენებლო კომპანია m2 ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევისათვის!“ - წერს ბექა ოდიშარია.

თბილისის მერიისა და კომპანია m2 -ის შეთანხმების საფუძველზე, „სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დასრულებულ ბინას 2500-მდე ოჯახი მიიღებს.

მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).