კრამერი „ჭე“ კლასის ექსპერტია, ის ფლორიდაში სკოლაში მუშაობს, აქ კი დირიჟორია - ინაშვილი

21:02 09-10-2019
1467

საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი სკანდალის შემდეგ, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა „რეაქციის“ სტუმრები ირმა ინაშვილი და გიგა ბოკერია არიან.

ბოკერიამ განაცხადა, რომ ინაშვილის საქციელს საქართველოს ხელისუფლებაში კრიტიკა არ მოჰყოლია და ის სწორედ მაშინ გამოჩნდა კონფერენციაზე, როცა პუტინს განსაკუთრებულად აკრიტიკებდნენ.

„ირმა ინაშვილი სპეციალურად მივიდა იმ დროს, როცა პუტინის განსაკუთრებული კრიტიკა მიდიოდა საკონფერენციო დარბაზში. რუსული პროპაგანდის ნაწილია იმის მტკიცება, რომ  ნატო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე მიგვიღებს. სწორედ ამ ოკუპირებული ტერიტორიებისთვისაა საჭირო, მიგვიღონ ნატოში, რათა მთელი საქართველო რუსეთმა ხელში არ ჩაიგდოს. საქართველოს მთავრობა თავს კი არ ესხმის ვინც საქართველოს მტრობს, არამედ - ერთ სისხლ და ხორც არიან. ასეთი კონტექსტის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემ ინაშვილის საქციელზე. აქ ინაშვილები და კვიციანები ვერ მოიგებენ ვერასოდეს“  - ამბობს ბოკერია.  

მას გადაცემა „რეაქციის“ ეთერშივე უპასუხა ირმა ინაშვილმა. მან განაცხადა, რომ ბოკერიას მიზანი „პატრიოტთა ალიანსის“ დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია იყო. მან ბოკერიას გარდა, ამერიკელი ექსპერტი, კრამერიც გააკრიტიკა და მას „ჭე“ კლასის ექსპერტი უწოდა.

„საზოგადოების უმრავლესობამ დაინახა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს არ მიეცა კონფერენციაზე შესვლის შესაძლებლობა, ეს უპატივისმცემლობაა საქართველოს მოქალაქის მიმართ და ის კონტექსტი, რომ პუტინისა და კრემლის ინტერესებია, არ მიმაჩნია სწორად. საზოგადოებრივი განწყობები სრულიად სხვაა.

მხოლოდ მე კი არ შემიზღუდეს კონფერენციაში მონაწილეობა, არამედ დამადანაშაულეს პროვოკაციის მოწყობაში, ეს აბსურდია. არ ვაპირებდი იქ მისვლას. მე ვარ ირმა ინაშვილი და არ ვარ კრემლის აგენტი, ვარ პატრიოტი და საქართველოს მოქალაქე.

ბოკერიას არ ჰყავს მხარდამჭერები, მის აქციებზე დგას 3 კაცი, ჩვენთან კი ათასობით. ბოკერიას მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია. ის მწამებელია და დროა, ბოკერია-სააკაშვილები დამთავრდნენ, მაგრამ ამაში მმართველი პარტიის იმედი არ მაქვს. რაც შეეხება კრამერს, ის გაკოტრებული, ჭე კლასის ექსპერტია, რომელიც ფლორიდაში სკოლაში მუშაობს. საქართველოში კი დირიჟორობს, აქ ის დირექტორი არაა“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.  

შეგახსენებთ, „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია Now What“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - 9 სექტემბერს გაიხსნა. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური