ქურდობაში ბრალდებულის სავარაუდო ცემის გამო, პოლიციელი სამსახურიდან გათავისუფლდა - შსს

17:27 09-10-2019
584

სუპერმარკეტების ქსელის „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე  ვიდეომიმართვით აცხადებს, რომ მაღაზიაში პოლიციელმა მოქალაქეს სცემა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ამოიღო.

ვასილ სოფრომაძე განმარტავს, რომ დაზარალებულმა მანამდე მაღაზიიდან პროდუქცია მოიპარა, ადგილზე მისულმა პოლიციამ კი მასზე ისე იძალადა, რომ დაკავების შემდეგ ამ პირს სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ „ფრესკოდან“ ქურდობის მცდელობის შესახებ გამოძახება მიიღეს, ადგილზე მისულ ჯგუფს კი აღნიშნულმა პირმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.

მათი თქმით, ინციდენტის შემდეგ დაკავებაში მონაწილე ერთ-ერთმა პოლიციელმა უწყება დატოვა.

რაც შეეხება ვიდეომასალას, უწყების განმარტებით, კადრების ამოღება გამოძიების პროცესში აუცილებლობით იყო გამოწვეული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.