ზოგადად, დემოკრატიას საკუთარი აზრის დაცვა ახასიათებს - სესიაშვილი საერთაშორისო კონფერენციას აფასებს

16:32 09-10-2019
85

„ერთი მხრივ, არის კონფერენცია, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ ტარდება და მეორე მხრივ, არის კოლეგა, რომელსაც სურდა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების დაცვა და ის ვიხილეთ, რაც მოხდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. 

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნისთვის ეს კონფერენცია ძალიან ღირებულია.

„რაც შეეხება ინციდენტს, ჩემთვის პირადად არასასიამოვნო იყო. ერთი მხრივ, არის კონფერენცია, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ ტარდება და მეორე მხრივ, არის კოლეგა, რომელსაც სურდა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების დაცვა და ის ვიხილეთ, რაც მოხდა. ზოგადად დემოკრატიას საკუთარი აზრის დაცვა ახასიათებს. ინაშვილს თავისი პოლიტიკური პოზიციები აქვს, არ დაუმალავს და ცდილობდა, თავისი პოზიციების დაცვას, რაც გასაკვირი არ არის. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი და ირმა ინაშვილის საგარეო პოლიტიკური ხედვა არის რადიკალურად განსხვავებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიმართ პიროვნულად და პოლიტიკურად უნდა ვიყო უმწვავეს დაპირისპირებაში, მას თავისი აზრი აქვს. ჩემთვის ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს, საერთაშორისო კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.