კონფერენციის თეორიულ დისკუსიას „პრაქტიკული სავარჯიშო“ შეემატა - ნინო ლომჯარია 

15:55 09-10-2019
106

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. 

მისი თქმით, კონფერენციის თეორიულ დისკუსიას „პრაქტიკული სავარჯიშო“ შეემატა.

„მე ვფიქრობ, კარგი რამ მოხდა, კონფერენციის თეორიულ დისკუსიას „პრაქტიკული სავარჯიშო“ შეემატა და ჩვენმა მეგობრებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იქცევიან ზოგიერთები, როდესაც რუსულ გავლენებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვიწყებთ ქართველები მსჯელობას, როდესაც, როგორც იქნა, ჩვენმა გავლენიანმა პარტნიორებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის რეალურ პერსპექტივებზე დაიწყეს მსჯელობა... აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, - წერს ლომჯარია.

რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „Now What?”.

საერთაშორისო კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.