შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - ნიკა ჩიტაძე რასმუსენის განცხადებაზე

15:26 09-10-2019
222

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას „პრაიმტაიმთან“ აფასებს.

ჩიტაძე მიიჩნევს, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით, პირველი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს და რატომ. რასმუსენი უკვე აღარ არის ნატოს ოფიციალური პირი, ის არის ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი. მეორე, იგი რომც ყოფილიყო მოქმედი გენერალური მდივანი, გადაწყვეტილებას, თუნდაც, საქართველოს მიღება–არმიღების საკითხზე, სამოქმედო გეგმის გაწერის ან მაპის მინიჭება–არმინიჭებასთან დაკავშირებით, იღებს ჩრდილო–ატლანტიკური საბჭო.

საბჭო იკრიბება ან ელჩების დონეზე აწარმოებს ყოველდღიურ საქმიანობას ნატოს შტაბბინაში ან მუდმივი წარმომადგენლები იკრიბებიან კვირაში ერთხელ, ეს ერთი, ან გადაწყვეტილება მიიღება მინისტერიალზე, სადაც შეკრება ხდება ნატოს საგარეო მინისტრების დონეზე  და მესამე, ეს არის ნატოს სამიტი, სადაც სხვა შეხვედრები იმართება მთავრობის მეთაურების დონეზე. შესაბამისად, აქ მიიღება გადაწყვეტილება და ნატოს მოქმედ გენერალურ მდივანსაც კი, არანაირი უფლება და ფუნქცია არ აქვს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს.

მეორე საკითხი, აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ყოველთვის დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. საქართველო ასზე მეტი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის წევრია, მათ შორის, გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და ყველგან მიღებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონითურთ. ანუ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და თუ მოხდება ნატოში გაწევრიანება, ეს გაწევრიანება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ამ საზღვრებში.

ჩვენ ვიცით, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მიხედვით, ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც დავდასხმა მთლიანად ნატოზე. გაეროს წესდების 51–ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს უფლებას კოლექტიურ და ინდივიდუალურ თავდაცვაზე. ორივე ისტორიული რეგიონი იყო, არის და დარჩება საქართველოს შემადგენელ ნაწილად. თუ მოხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქამდე, სანამ იქ საქართველოს კონტროლი არ აღდგება, ეს შექმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველო გაძლიერდეს, უსაფრთხოების, ეკონომიკური თვალსაზრისით და მიმზიდველი გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი თანამემამულეებისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში.

- თუმცა, ამ ეტაპზე, ნატოში გაწევრიანების კუთხით, პრობლემას ხომ გვიქმნის ის ფაქტი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საქართველოს კონტროლი არ ხორციელდება და ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია?

- პრობლემას, რა თქმა უნდა, გვიქმნის, ბუნებრივია. ნატოს ფარგლებში, ჯერ კიდევ 1995 წელს, მიღებულ იქნა ე.წ. კვლევა გაფართოების შესახებ, სადაც კონკრეტული ქვეყნების მიმართ კონკრეტული მოთხოვნა იყო, რომ ვისაც ნატოში გაწევრიანება სურს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოგვარებული უნდა ჰქონდეს, ასევე, სადავო საზღვრები მეზობლებთან, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატია და ა.შ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს ნატოს წესდება, რომელიც ზემდგომი, მთავარი და უზენაესი დოკუმენტია ნატოს ფარგლებში, იქ არის მე–10 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ნატოს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, თუ მას თავისი წვლილი შეაქვს ევრო–ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. საქართველოს სისუსტეები გააჩნია, კი, ბატონო, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველო 1999 წლიდან მონაწილეობს სამშვიდობო და ანტიტერორისტულ ოპერაციებში – კოსოვო, ავღანეთი, ერაყი. ასე რომ, თუ არსებობს შემაფერხებელი ფაქტორები, არსებობს პერსპექტივებიც. ამ შემთხვევაში, რასმუსენის განცხადება იმდენად არ უნდა იწვევდეს შეშფოთებას, როგორც ის პრობლემები, რომლებიც აქ არსებობს – დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური განვითარების სისუსტე, ოკუპირებული ტერიტორიები. ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და აღმოიფხვრას პრობლემები. ფაქტია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა ვითარდება. საქართველომ წელს ორ სამხედრო წვრთნას უმასპინძლა.

- საქართველოსთან მიმართებაში კიდევ რა საკითხები განიხილება კონფერენციაზე?

- საკითხები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის როლს და ადგილს თანამედროვე მსოფლიოში; გუშინ განიხილებოდა იგივე საკითხი ამერიკის როლზე, მის ინტერესებზე, იგივე, კავკასიის რეგიონში; თურქეთის როლი და ადგილი. ასევე, საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები, ესწრებოდნენ როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, როგორც მომხსენებლები. ნატოს გაფართოვების პერსპექტივებზეცაა საუბარი. განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო პოლიტიკას.

- რა შენიშვნები იყო საქართველოს მისამართით?

- დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით. მართალია, სრული ინტეგრაციისთვის გარკვეული წინაღობები არსებობს, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს განიხილავენ, როგორც პერსპექტიულ და ღირსეულ პარტნიორს.

ცნობისთვის, თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უნდა განიხილებოდეს, მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმით ნატოში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას.

ავტორი: თამთა დადეშელი