ხმაური საერთაშორისო კონფერენციაზე - ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს დაუპირისპირდა

14:27 09-10-2019
2349

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რის გამოც დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა.

კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს განუმარტეს, რომ ის არ იყო სიაში, შესაბამისად, კონფერენცია უნდა დაეტოვებინა. ინაშვილმა კი თქვა, რომ გუშინ ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა. დაპირისპირება 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

„გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გუშინ, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში, გუშინდელი მოსმენიდან „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე ციტატა წაუკითხა: „ჩვენ გვინდა ნეიტრალიტეტი“, „ნატო არ არის გადაწყვეტილება“, „ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და პუტინთან დასავლეთის გარეშე“, „ჯაველინები არ არის კარგი, რადგან რუსული ტანკები უფრო ძლიერია“, „ქართველი ბავშვები შიმშილობენ ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გამო“, „არა ლგბტ პროპაგანდას“.

აქვე ბოკერიამ დასძინა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მათ დაპატიმრებას ითხოვს, პრემიერ-მინისტრი დაჰპირდა, რომ ამ პრობლემას მიხედავს.