ბავშვი, რომელიც 680 გრამი დაიბადა და მის გადარჩენას არავინ ელოდა, სკოლაში წავიდა

13:01 09-10-2019
1000

ბავშვი „საოცრება“, რომელიც დედამ მხოლოდ 25 კვირიანი ორსულობის შემდეგ გააჩინა და დაბადებისას 680 გრამს იწონიდა, უკვე 1 კვირაა რაც დაწყებით სკოლაში სწავლობს.

ექიმები მის გადარჩენას საერთოდ არ პროგნოზირებდნენ.

4 წლის ანაბელ ქალინანი ინგლისის ქალაქ კოვენტრიდან არის. დედამისს ქრონიკული დაავადება აქვს და ექიმები დაორსულების ძალიან მცირე შანსებს აძლევდნენ: „ძალიან ბედნიერი ვარ, არ მეგონა თუ აქამდე მოვიდოდით“,-განაცხადა ბავშვის დედამ.

30 წლის ქალი ორგანოების ტრანსპოზიციით დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სხეულის მთავარი ორგანოები საპირისპირო მხარესაა განლაგებული, მის გულს კი მხოლოდ 3 საკანი აქვს.

ბავშვის დედას კუჭ-ნაწლავისა და გულის ქრონიკული დაავადება აქვს და მილით იკვებება. როდესაც დაორსულა, ექიმებს ეგონათ რომ სიმსივნე აღმოაჩინეს და არა ჩანასახი.

ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, ქალბატონმა ქალინანმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი გაეჩინა.

„ფაქტობრივად სიკვდილის პირას ვიყავი, უბრალოდ ვიცოდი, რომ 24 კვირის ორსულობამდე მაინც უნდა მეცოცხლა“, - განაცხადა დედამ.

ანაბელი საკეისრო კვეთით, 2015 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. დედისა და ჩვილის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, საკეისრო კვეთაში მონაწილეობას 40 ექიმი იღებდა. მშობიარობის შემდეგ, ჩვილიც და დედაც ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში განათავსეს.

„ბავშვი გაჩენიდან 2 დღის შემდეგ მანახეს, 2 თითის სიგანის იყო და სხეული თითქმის გამჭვირვალე ჰქონდა. არ მეგონა თუ ჩემს შვილს საავადმყოფოდან ცოცხალს გამოვიყვანდი“,- იხსენებს დედა.

ანაბელს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოდან 2015 წლის ნოემბერში , ანუ დაბადებიდან 4 თვის შემდეგ გაწერეს.

4 წლის ანაბელი დღეს ჯანმრთელი გოგონაა და დედამისს წამლების სწორად დალევაში ეხმარება.

ავტორი: მარიამ გიგანი