კომისიამ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

14:01 09-09-2019
21

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ  თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.   

ამ ეტაპზე, 259 ერთოთახიანი, 143 ოროთახიანი, 534  სამოთახიანი და 23 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, წინასწარ განისაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარებოდა  მონიტორინგს.  

1375 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს.

მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.  

კომისია ასევე განიხილავს ავარიულ და  სახელმწიფო მნიშვნელობის  მქონე შენობებში მცხოვრები 263 ოჯახის საკითხიც, რომლებსაც ბინები, უპირობოდ, გადაეცემათ. ამ ეტაპზე, თბილისში 24 ასეთი ობიექტი დაიხურება.

კომისიის შემადგენლობაში  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან.

კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს  და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში

თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 10 414-მა  დევნილმა ოჯახმა შეავსო.