ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს

10:48 09-09-2019
968

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს. ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი  გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

თუმცა, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ადვოკატისთვის უცნობია.

„20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, - აცხადებს ჩივიაშილი.

ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ვადა იწურება. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. ის 2013 წლის მაისიდან იხდის სასჯელს.

მერაბიშვილს ე. წ. „სასჯელის შთანქმის“ პრინციპით, 6 წელი და 9 თვე ჰქონდა მისჯილი. მას ერთდროულად რამდენიმე საქმეს ედავებოდნენ.

მათ შორისაა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეები. 

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაზეც ყოფილ პრემიერს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, რაც მის საკნიდან გაყვანას ეხება. ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მერაბიშვილის სასარგებლოდ 4000 ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა, იუსტიციის მინისტრის- თეა წულუკიანის თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 15 ათასს ითხოვდა.