მარტოხელა, სამი შვილის დედის ტრაგედია - მასზე უარი საკუთარმა ოჯახმა თქვა

00:12 09-09-2019
49612

დღეს ის სამი შვილის მარტოხელა დედის სტატუსს ატარებს. ებრძვის სიდუხჭირეს, დაუდგენელ ავადმყოფობას და მაინც არ ნებდება.

ნინო ბეკურიშვილი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. დღეს ის ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე ავტოფარეხში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ორ ოთახად ქცეულ ფარეხს, არც იატაკი აქვს და ფანჯრებში შუშებიც კი არ ზის. დაზიანებული კედლებიდან ოთახში მრღნელები და ქვეწარმავლები შედიან. კედელსა და სახურავს შორის დარჩენილი ნაპრალებიდან კი შიგნით ისე წვიმს როგორც გარეთ.  

„ამ ნაპრალებიდან მწერები შემოდიან, ზამთარში საშინელი სიცივე. რამდენიმე რომ წვიმა, ჩამოვიდა და მიწა ჯერ კიდევ არ გამშრალა. ეს ავეჯი და ტექნიკა მეზობლებს უნდა გადაეყარათ, მაგრამ ჩვენ გვაჩუქეს. ჩვენ რომ შემოვედით ეს ერთი დიდი ფართი იყო, მერე ნაჩუქარი ხის მასალით გადავტიხრე და ორ ოთახად ვაქციე. “ - ამბობს ნინო.  

ბავშების საწოლებისთვის დიასახლისმა რთულად, მაგრამ გამოსავალი მაინც მოძებნა. ეს ფარეხის ერთადერთი ადგილია სადაც სიმშრალეა. იქ სხვა ყველაფერი სველი და ნესტიანია. კედელსა და სახურავს შორის დიდ სიცარიელეს, ნაჭრებით გამოტენილი ტომრებით ავსებს.

„ძალიან მეშინია, ღამით დიდი ვირთხები დარბიან. საერთოდ ვერ ვიძინებ, მძინარე ბავშვებს ვყარაულობ. ეს ერთი პატარა ნათურა გვაქვს ოთახში, ბავშვებს კი არა, სიბნელის მეც მეშინია. კარებს საკეტი არ აქვს, ძაღლის ყეფაზე დაყეფებაზე შიშით პატარებს ვიხუტებ.“ - გვიმხელს მარტოხელა დედა.

გასულ წელს უფროსი შვილი სკოლაში უსახსრობის გამო ვერ შეიყვანა. წელს მეორე ბიჭსაც უწევს პირველ კლასში მისვლა. ნინოს სურვილია, ორივე შვილი ერთად შეიყვანოს სკოლაში, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი სასკოლო ჩანთა აქვთ. დედას ჯერ ვერ გადაუწყვეტია როგორ უნდა მიიყვანოს ერთი ჩანთით ორი შვილი სკოლაში.

სოციალური დახმარებით ნაყიდი ზეთი, ხახვი და ბურღულეული თვიდან თვემდე უნდა იმყოფინონ. 

„ბიჭები უკვე იმ ასაკში არიან, რომ ყველაფერს ჭამენ, პატარას ფაფას ვუმზადებ ხოლმე. ხშირად ყოფილა დღეები, როცა ბავშვებთვის ლუკმა გამომიზოგია. როცა საჭმლის დამატებას მთხოვენ უარს ვეუბნები, ძილის წინაც რომ ვაჭამო. როცა სახლში მცირე ულუფა გვაქვს, მაგ დროს მე თვითნ არ ვჭამ. ბევრჯერ ჩაიზეც გადაგვიტარებია დღეები. პატარასთვის პამპერს ცალობით და ისიც, იშვიათად ვყიდულობ. ძირითადად ნაჭერს ვუფენ ხოლმე...“

ნინო თბილისში იზრდებოდა. ბედნიერი ბავშვობა მქონდაო, ამბობს. მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად ცხოვრობდა. 17 წლის ასაკში მოიტაცეს. იძულებით შექმნილი ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. ორი ბიჭი გაუჩნდა. მერე პრობლემებმა იჩინა თავი, უფროსი სამი წლის იყო, მეორე კი ერთი წლით უმცროსი როცა მეუღლის ოჯახიდან წამოვიდა. ნინო ბავშვებთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო და  მომავალი მეუღლე სამსახურში გაიცნო. მეორედ დაოჯახების შემდეგ, ნინო მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ქმრის ნათესავის ოჯახში დასახლდა. ორსულობისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ხშირად გონებას კარგავდა, თუმცა უსახსრობის გამო ექიმთანაც ვერ მიდიოდა. მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებოდა. მის მეუღლეს კი მწირი შემოსავალი ჰქონდა.  

ერთ დღეს ნინოს მეუღლემ საჭირო წამლები მიუტანა. გაირკვა, რომ ცოლ-შვილის გადასარჩენად იქურდა. ნინო რვა თვის ორსული იყო, როცა მისი მეუღლე დაიჭირეს. უკვე წელიწადზე მეტია რაც სასჯელს იხდის. ამის შემდეგ სახლის მეპატრონემ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა. ახალგაზრდა ქალი სამ მცირეწლოვანთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და მიტოვებულ ავტოფარეხში დასახლდა. მეუღლის ოჯახი ახლა რაიონში, სხვის ბინაში ცხოვრობ. მათაც უჭირთ და როგორც ნინო ამბობს, შეძლებისდაგვარად მაინც ეხმარებიან. 

როცა მეორედ შექმნა ოჯახი, ნინოს მშობლებმა და ძმებმა მასთან კონტაქტი გაწყვიტეს. მას შემდეგ, ნინო ოჯახზე არაფერი იცის. გული სწყდება, რომ უარყვეს, თუმცა ბედნიერია შვილებით და ყველა გაჭირვებას იტანს. ახლა დღეებს ითვლის და მეუღლის გათავისუფლებას სულმოუთქმელად ელის.

ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, მამა არასდროს უნახავს. დედის მსგავსად მასაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. როგორც ნინო ამბობს, პატარას გულის პარკუჭი ღია აქვს და ის ექვს თვეში ერთხელ ექოსკოპიას საჭიროებს. უსახსრობის გამო ბოლო პროცედურა ვერ ჩაუტარა. გარკვეული პერიოდი სოციალური დახმარება შეჩერებული ჰქონდათ. ახლა ისევ აღუდგინეს.

width=600

მათი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური შემწეობა 200 ლარი და პატარასთვის 90 ლარიანი კვების ვაუჩერია.

„წინა თვეში ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო შუქი ჩამიჭრეს, მერე სამადლო ერთმა მეზობელმა გადამიხადა. ახლა ისევ ვერ გადავიხადე და როდის ჩამიჭრიან არ ვიცი. ვერც უფასო სასადილოს სერვისით ვსარგებლობ, რადგან სამ შვილთან ერთად ფიზიკურად ვერ მივდივარ კერძის მოსატანად. დამტოვებელიც არ მყავს.“ -ამბობს დედა.

ნინოს ჯანმრთელობის პრობლემა ახლაც აქვს. პერიოდულად გული მისდის, თუმცა მიზეზი ამ დრომდე არ იცის. უსახსრობის გამო, ექიმთან ახლაც ვერ მიდის. სანამ ცუდად გახდება, მანამდე გრძნობს ხოლმე და ბავშვებს მეზობლებთან აგზავნის. დამამშვიდებლის მიღებისთანავე უკეთ ხდება.

width=600

ეს ერთი ახალგაზრდა დედის უმძიმესი ისტორიაა. დედის, რომელიც შვილების გადარჩენისთვის იბრძვის. მისი საფიქრალი მცირეწლოვანი შვილები პატიმარი ქმარია.

მისთვის ყოველი დღე ბრძოლაა. ბრძოლა ხვალინდელი დღისთვის... ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, ნინო სამ შვილთან ერთად ისევ უმძიმეს ყოფას ებრძვის. ოჯახისგან უარყოფილს მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედი აქვს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი