შიში უკვე იცით, რა დროსაა? ყველაფერი რომ დასრულდება - მაშველის ემოციური ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“

16:39 09-08-2019
9147

მამუკა სეფიაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მარტის თვეში დაინიშნა. თუმცა, ეს საქმიანობა მისთვის უცხო არ იყო, რადგან 1999 წლიდან  შსს–ს თანამშრომელი გახლდათ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობისას კი, ორი წლის წინ, თითქმის ყველა მასშტაბურ ხანძარზე მოუწია ცეცხლმოდებულ ტყეში ყოფნამ, პირადი შემადგენლობით. მამუკა სეფიაშვილი თავისი საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს:

- მაშველობა ძალიან საინტერესო პროფესიაა, კაცების, ვაჟკაცების, გმირების სამსახურია. შესაძლოა, გარედან ცოტა სხვანაირად ჩანდეს ყველაფერი, მაგრამ შიგნით რომ ჩაიხედები, დაინახავ, რომ აქ სულ სხვა სული ტრიალებს, ერთ მუშტად ვართ შეკრულები, სხვანაირად შეუძლებელია. ცუდი ადამიანი ამ სამსახურში ვერ იმუშავებს. კაცი, რომელიც სხვისი სიცოცხლის, მისი ქონების და ბუნების გადარჩენაზე ფიქრობს, მართლაც დასაფასებელია და ეს გმირობის ტოლფასია. ჩვენთან ძალიან კარგი ბიჭები მუშაობენ. ჩვენ ფიცს ვდებთ, რომლის ბოლო ფრაზა ასეთია – დაე, ჩემი ქვეყნის მოქალაქის მადლიერება იყოს ჩემთვის ყველაზე მაღალი ჯილდო! ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ყოველწამიერად ვართ მზადყოფნაში და ფორმაში, დასვენების დროსაც კი, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისა და ქვეყნის სამსახურში ვიდგეთ, ხანძარი იქნება, სტიქიური უბედურება თუ მოქალაქის პირადი პრობლემა.

რისკის ფასად გვიწევს ყველაფრის კეთება. როცა ღონისძიებაზე გავდივართ, ჩვენ ყველანაირად მობილიზებულები ვართ სირთულეებთან გასამკლავებლად და სადაც არ უნდა გავდიოდეთ, შემოწმებას, პირველ რიგში, უსაფრთხოების წესებით ვიწყებთ. რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი უნდა გქონდეს, სწორედ ამით ფასდებიან ჩვენი მეხანძრე–მაშველები, ხელმძღვანელი რგოლიც და ცვლის უფროსიც.

ცეცხლსაც, წყალდიდობასაც და ქარიშხალსაც თავისი სირთულეები ახლავს, სტიქიაა. მიზანი ერთია – ადამიანებისა და ბუნების გადარჩენა. ცოტა ხნის წინ, ახალსოფელში იყო დიდი ხანძარი და იმ კოორდინირებული მუშაობის წყალობით, შეუძლებელი შევძელით, მოკლე დროში ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია მოვახდინეთ. ყველაფერი მყისიერად მოხდა – ტერიტორიის შესწავლა, სიტუაციის შეფასება, სწორი დაგეგმარება და შედეგიც დაიდო. თვითონ სამსახურის უფროსი – ბატონი თეიმურაზ მღებრიშვილი იყო ჩართული, მასთან სისტემატური რადიო–კავშირი გვქონდა. სამი ვერტმფრენი მუშაობდა, თავდაცვის სამინისტროს შეჯავშნული მანქანა, რომელმაც დიდი საქმე გააკეთა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც აქტიურად ჩაერთო, ყვარლის მერი – როსტომ სესიაშვილი სულ ჩვენ გვერდით იყო. შევძელით და ის ხანძარი დავამარცხეთ.

- როდესაც, მაგალითად, ცეცხლმოდებულ ტყეში შედიხართ, შიშის მომენტი თუ ახლავს თან?

- ამ დროს უკვე შიშზე ნაკლებად, უფრო მეტად, სტიქიასთან ბრძოლაზე ფიქრობ. შიში უკვე იცით, რა დროსაა? ყველაფერი რომ დასრულდება და საკუთარ თავთან მარტო რჩები, აანალიზებ, რაც მოხდა, როგორი სირთულეები გამოიარე, რა რისკებზე მოგიწია წასვლა და შენ თვითონვე გიკვირს, ეს სად იყავი და რა გამოიარე. თუმცა, როდესაც შედეგით კმაყოფილი ხარ, ეს უკვე სულ სხვა მომენტია. ეს იგივე ბრძოლის ველია. სიტყვებით ამ ყველაფრის გამოხატვა ძნელია... ფაქტის წინაშე როცა დგები, სულ სხვა ადამიანი ხდები, საკუთარ თავზე კი არა, შენს თანამებრძოლზე ფიქრობ, იმ ადამიანებზე, ვინც უნდა გადაარჩინო. გუნდურობის პრინციპია მთავარი, იქ ჩვენ ერთმანეთის პატრონები ვართ.

- ბოლო დროს, ყველაზე რთული რომელი სიტუაცია იყო, ადამიანების დაშავების მხრივ?

- მთათუშეთში, ხრამში რომ სატვირთო ავტომობილი გადავარდა, ძალიან რთული სიტუაცია იყო და მოგეხსენებათ, მსხვერპლიც მოჰყვა, სამწუხაროდ... დიდი დინება იყო და მდინარეზე 24 საათიანი მონიტორინგი გვქონდა. 18 წლის ბიჭი 3–4 დღის შემდეგ ვიპოვეთ... დისლოკაციის ადგილზე რომ ვბრუნდებოდით, თუშები გვაჩერებდნენ და მადლობას გვიხდიდნენ... ამ დროს სულ სხვა შეგრძნება, სხვა ემოცია გაქვს.

- ლაგოდეხის ნაკრძალში, გურგენიანის ჩანჩქერზე, ექსკურსიის დროს, 16 წლის გოგონა – სოფი ნიკოლეიშვილი რომ დაიღუპა, თქვენი გუნდი იქ იყო, ხომ?

- დიახ, ძალიან მძიმე გასახსენებელია ეს ამბავი, ასეთი პატარა ბავშვი დაიღუპა... შეტყობინება რომ შემოვიდა, გადმოცემით ვიცოდით, რომ გოგონა, სავარაუდოდ, ქვის ლოდის ქვეშ იქნებოდა, რადგან იქით უკვე დინება ნაკლებია... მობილიზაცია მყისიერად მოვახდინეთ, მყვინთავებთან ერთად მივედით და ინათა თუ არა, სამძებრო ოპერაცია დავიწყეთ, მაგრამ წყლის დინება საშინლად ართულებდა ყველაფერს. იმ ლოდთან ნაკადი საოცარი სიძლიერით ეცემოდა. შეუძლებელი იყო იქ ვინმეს შესვლა. მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ისინიც მაქსიმალურად გვერდში გვედგნენ, როგორც მოხალისეები. ქვები ჩავყარეთ და წყალს მიმართულება შევუცვალეთ, რომ ნაკადი ნაკლები ყოფილიყო. ლოდის ქვეშ, ძაბრისებური ფორმა იყო და ერთი მხრიდან, როგორც იქნა, შეძლო მყვინთავმა ჩასვლა, მაგრამ გოგონა იქ ვერ ვნახეთ, ბოლოს, სხვა მხრიდან მიაგნო, დიდი წვალების შემდეგ... გოგონა თოკებით დავაფიქსირეთ და ამოვიყვანეთ... 2–3 საათი მოვანდომეთ ამ ყველაფერს, საშინელება იყო. ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია და ბოდიშს გიხდით ემოციისთვის... სკოლის მოსწავლე დაიღუპა, როგორ შეიძლება ემოციის გარეშე ისაუბრო. მართალია, ჩვენ სამუშაოს დროს ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ, მაგრამ ყველა ადამიანები ვართ, მოქმედებს, ბუნებრივია...width=700

ბევრი შემთხვევა გვქონია და ჩვენ ყველას ვეხმარებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს კი არა, ტურისტებსაც, ზოგი ცხენიდან გადმოვარდება ხოლმე, ზოგი – ველოსიპედიდან, ზოგს ავტოსაგზაო შემთხვევა მოსდის, ჩვენ მათთან მუშაობაც გვიწევს. სადაც ექიმები ვერ შედიან, ჩვენ შევდივართ და ექიმებამდე გამოგვყავს. პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ყველა მეხანძრე–მაშველს აქვს გავლილი და ზოგჯერ, ჩვენ თვითონ იქვე ვუწევთ დახმარებას. ხშირად, ერთ ექიმს მანქანაში ვისვამთ ხოლმე.

- ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან თქვენს სამსახურს და ასეთ გრაფიკს?

- უკვე დიდი ხანია შეგუებულები არიან. 19 წელია, ფორმა მაცვია და მე რომ სახლიდან გავდივარ, დიდი მოლოდინი არ აქვთ, რომ მე იმ დღეს სახლში დროულად დავბრუნდები. შეიძლება, სამი დღის მერე მივიდე. შეჩვევის ამბავია, თავიდან უფრო განიცდიდნენ, ახლა შეეგუენ. როცა ფორმის ქვეშ ხარ, სხვანაირად ვერც იქნება, ყველას ოჯახი ასეა. ჩვენ ხომ მხოლოდ ოჯახს არ ვეკუთვნით, დროის უმეტეს ნაწილს ჩვენი ქვეყნის სამსახურში ვატარებთ. ახალგაზრდობის წლები ჩემი სამშობლოს სიყვარულს მოვახმარე. ასე ვართ ყველა, მხოლოდ ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, როცა ამას ვამბობ.width=912

- რას ურჩევთ, რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა, ვისაც სამომავლოდ, მაშველის პროფესიის არჩევა სურს?

- ეს სამსახური მომწონს და მინდა, – ასე მარტივად არ ხდება, პირველ რიგში, ეს გაითვალისწინონ. შინაგანად უნდა იყო მობილიზებული, გააანალიზო, სად მიდიხარ, რა სირთულეები შეიძლება შეგხვდეს. ამის მერე, საკუთარ თავში რომ დარწმუნდება პიროვნება, მერე არ გაუჭირდება. მართლაც, ერთმანეთზე უკეთესი, თითით საჩვენებელი ბიჭები გვყავს. ერთი სული, ერთ მუშტად შეკრული გუნდი.

ავტორი: თამთა დადეშელი