რატომ აირჩია ნიკა გვარამიამ ეთერში გასასვლელად მაინცდამაინც 9 სექტემბერი - ინტერვიუ არხის გენერალურ დირექტორთან

23:25 09-07-2019
22589

ნიკა გვარამიას გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა 11 აგვისტოს შეუფარდეს. მას ეს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია და როგორც თავად აცხადებს, ამას არც აპირებს.

კანონმდებლობით, 30 დღის ვადაში გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების ორგანო შუამდგომლობით შედის სასამართლოში და მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრით შეცვლას.

30-დღიანი ვადა 9 სექტემბერს გადის, ეს კი ის დღეა, როდესაც გვარამიას „მთავარი არხი“ ეთერში პირველად გავა.

ცხადია, არხის გენერალურ დირექტორს ვერ ექნებოდა არჩევანი გირაოს ვადის ამოწურვის თარიღზე, მაგრამ არხის ეთერში გასვლის დრო, ნამდვილად მისი არჩევანი იყო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, სპეციალურად დაამთხვია თუ არა არხის გაშვების დრო 9 სექტემბერს ნიკა გვარამიამ.

„პრაიმტაიმმა“ მას სწორედ ამ კითხვით მიმართა...

- გირაოს ვადა 9 სექტემბერს არ გამდის...

- 11 აგვისტოს შეგიფარდეს აღკვეთის ეს ღონისძიება და 30-დღიანი ვადა სწორედ 9 სექტემბერს იწურება.

- მაგრამ ათვლა ჩაბარებიდან იწყება.

- არა, ბატონო ნიკა, გამოცხადებიდან იწყება და შესაბამისად 11 აგვისტოდან 30-ე დღე 9 სექტემბერია.

- ჩემმა იურისტებმა როდის ჩაიბარეს სასამართლოს გადაწყვეტილება, აღარ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ვადა 10-ში, ან 11-ში იწურება. ამას მნიშვნელობა არ აქვს, გეთანხმებით, რომ ყველა შემთხვევაში უფრო ადრე გავა არხი ეთერში.

- რაკი თქვენ უარს აცხადებთ გირაოს გადახდაზე, ცხადია პროკურატურა უფრო მკაცრ აღკვეთს მოითხოვს, არა?

- არ არის ვალდებული, რომ მაშინვე მოითხოვოს, ან უფრო მკაცრი ღონისძიება, თუმცა ამ პროკურატურისგან არაფერს გამოვრიცხავ.

- ეს რომ არ გააკეთოს პროკურატურამ, კანონს დაარღვევს. გირაოზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება კი პატიმრობაა. კიდევ ერთხელ გკითხავთ და მიპასუხეთ - ელოდებით დაპატიმრებას?

- ცხადია, ველოდები.

- ამიტომაც დაამთხვიეთ გირაოს ვადის გასვლას ტელევიზიის ეთერში გასვლის თარიღი, თუ ეს უბრალოდ, დამთხვევა იყო?

- დიახ, ეს იყო მარკეტინგული გათვლა, რომ მთელი რეიტინგი ჩვენსკენ წამოგვეღო.

- უკაცრავად, კიდევ უფრო ხომ არ დამიკონკრეტებთ? მარკეტინგულად გათვალეთ არხის ეთერში გასვლა და თქვენი შესაძლო დაპატიმრება ერთმანეთისთვის დაგემთხვიათ?

- შესაძლო დაპატიმრება არაფერ შუაშია. გავთვალეთ, რომ ყველაზე ადრე დაგვეწყო სეზონი. ჯერ ოქტომბერში ვფიქრობდით, მერე - 16 სექტემბერს, ისე, როგორც ყველა. მერე კი გადავწყვიტეთ, რომ რაკი პირველები ვართ, ამ საინფორმაციო ვაკუუმში, ყველაზე პირველები გავსულიყავით ეთერში და მთელი რეიტინგი ჩვენსკენ გადმოგვექაჩა...

- არ მინდა ყურს მიღმა გავატარო ფრაზა „საინფორმაციო ვაკუუმი“, როცა თქვენ ახლა საინფორმაციო სააგენტოს ელაპარაკებით...

- ვგულისხმობ სატელევიზიო სივრცეს.

- ბატონო ნიკა, მე გკითხეთ, ხომ არ დააჩქარეთ სატელევიზიო ეთერი იმის გამო, რომ დაგესწროთ პროცესებისთვის და კონკრეტულად გირაოს ვადის გასვლას, რის შემდეგაც შესაძლოა თქვენი დაპატიმრება დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან გირაოს გადახდაზე უარს ამბობთ.

- მე პირადად ამაზე არ მქონია გათვლა და თუ დაასწრებს, ძალიანაც კარგი. მაგრამ თქვენი აზრით, ასეც რომ იყოს, რა უნდა გამეთვალა?

- თუნდაც ის, რომ თუ დაგაპატიმრებენ, საზოგადოებისთვის ეს პირდაპირ „მიილინკება“ „მთავარი არხის“ ეთერში გასვლასთან და უფრო მეტ მღელვარებას გამოიწვევს...

- თუ „მიილინკება“ „მიილინკოს“ და თუ საზოგადოების მღელვარებას გამოიწვევს, ძალიანაც კარგი.