„ვეხმარებით ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილებს“ - სქემა ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის „პრაიმტაიმმა“ გაშიფრა

17:27 09-05-2019
238

„პრაიმტაიმი“ ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის განკუთვნილმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ დააინტერესა.

„ქულა დაგაკლდა ეროვნულ გამოცდაზე? გახდი სტუდენტი ატესტატის საფუძველზე ნებისმიერ უნივერსიტეტში“ - წერს დაწესებულება „განათლების ცენტრის“ სახელწოდებით.

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტმა ჩაჭრილი აბიტურიენტის დედის როლი მოირგო და შეტყობინებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პირობების გასარკვევად დარეკა. ექსპერიმენტმა გაამართლა, დაწესებულების წარმომადგენელი ჩაჭრილი აბიტურიენტის დედას გარკვეული თანხის სანაცვლოდ შვილის სომხეთის ერთ-ერთ ავტორიზებულ ინსტიტუტში სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვის სრული გარანტია მისცა.

ერთი სემესტრის დახურვის შემდეგ კი საერთაშორისო მობილობით საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში გადმოყვანას შეპირდა. დაწესებულებასა და „დედას“ შორის სამჯერ მოხდა საუბარი. ჯანო სამხარაძეს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ კანონის მიხედვით, საერთაშორისო მობილობით სხვა ქვეყნიდან გადმოსულ სტუდენტს ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება მაინც უწევს და სხვა შემთვევაში, „საზღვარგარეთული“ დოკუმენტები რომ უბრალო ფარატინა და კანონის წინაშე უძლური ქაღალდებია.

ჩაჭრილებს „განათლების ცენტრი“ სომხეთში სწავლებას, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებას, ლექციებზე ფორმალურ დასწრებას, მკაცრ ზედამხედველობას და 3 თვის შემდეგ საქართველოში უკვე ჩაჭრილის იარლიყის გარეშე, უკვე „წარმატებული“ სტუდენტის სტატუსს სთავაზობს. დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ისინი განათლების რეფორმის მსხვერპლებს ჩაგვრისგან იცავენ...

„ჩვენ ვართ „განათლების ცენტრი“. ვეხმარებით ეროვნულ გამოცდაზე ქულა დაკლებულ აბიტურიენტებს. ისინი სასწავლებლად სომხეთში ერევნის  აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად მიგვყავს. ერთი სემესტრი ისწავლიან სომხეთში და მეორე სემესტრიდან საერთაშორისო მობილობით  გადმოვლენ საქართველოს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. სწავლა მიმდინარეობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე. სავალდებულოა დასწრება ლექციაზე და მოსმენა ანუ, ფორმალურად, უბრალოდ რომ იჯდეს ლექციაზე. მოგეხსენებათ ჩვენი კომპანია არის პრემიუმ კლასის და მაქსიმალურ კომფორტს ვთავაზობთ ჩვენ აბიტურიენტებს.

სწავლა 2 000 ლარი ჯდება, საცხოვრებელი 150 დოლარი. 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში ვაბინავებთ  ამ აბიტურიენტებს. სტუდენტური ვიზა ჯდება 220 ლარი. კვება და იქ გადაადგილება ამ ფასში არ შედის. საბუთების გაგზავნის ვადა 10 სექტემბრამდე არის. 150 კაციანი ჯგუფი მიგვყავს საქართველოდან, უფრო მეტიც მიგვყავს, მაგრამ ისინი გადანაწილებულები იქნებიან სხვა სასტუმროებში. 100 ერთში, 100 მეორეში. დამფუძნებლები, დამკვირვებლები ყველანი მივყვებით საქართველოდან  და ყურადღებას ვაქცევთ ყველანაირად.  შემიძლია დოკუმენტურად დაგიდასტუროთ განათლების სამინისტროს მიერ, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება“, - განუმარტავს ჩაჭრილის „დედას“ ჯანო სამხარაძე.

ჩაჭრილის „დედა“ მას შემდეგ დაუკავშირდა „განათლების ცენტრს“ რაც გაიგო, რომ დაწესებულება მხოლოდ 1 ან 2 ქულა დაკლებულ აბიტურიენტებს აწყობს უნივერსიტეტში და უთხრა, რომ მისმა შვილმა გამოცდაზე მინიმალური ზღვარი საერთოდ ვერ გადალახა.

დაწესებულების სხვა თანამშრომელი ქალბატონი, რომელიც სახელსა და გვარს არ ასახელებს, ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დაგროვილ და დაკლებულ ქულებს.

„არაუშავს ქალბატონო, ჩვენ ჩაჭრილ ბავშვებს ვუდგავართ გვერდით. იჩქარეთ, თორემ ადგილები იზღუდება, დიდი მომართვიანობაა“, - ამბობს „განათლების ცენტრის“ წარმომადგენელი.

ჩაჭრილის დედა ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჯანო სამხარაძეს დაუკავშირდა და საქართველოში მობილობით გადმოყვანის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვას უსვამს.

„განათლების ცენტრის“ დირექტორი სრულ გარანტიას იძლევა, რომ ბავშვი უპრობლემოდ გადმოვა საქართველოს აკრედიტირებულ ნებისმიერ უნივერსიტეტში და მალავს ინფორმაციას კანონში ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული სტუდენტისთვის საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა.

„საქართველოში საბუთების გადმოსატანად მთავარია საზღვრის კვეთა მინიმუმ 75 დღეს დაფიქსირდეს. იქიდან რომ ჩამოვა განათლების სამინისტროში საბუთებს შევიტანთ და 30 დღეში მინისტრი, განხილვის შემდეგ, ხელს მოაწერს. შანსი იმისა, რომ მინისტრმა ხელი არ მოაწეროს, არ არსებობს“, - განმარტავს ჯანო სამხარაძე.

ჩაჭრილის დედის“ შემდეგ „განათლების ცენტრს“ „პრაიმტაიმის“ უკვე გაცხადებული ჟურნალისტი დაუკავშირდა.

დაწესებულების დირექტორი, ჯანო სამხარაძე მას უხსნის, რომ უკანონოს არაფერს აკეთებენ, მხოლოდ 1 ან 2 ქულა დაკლებულ აბიტურიენტებს ემსახურებიან, მათ გამოცდებზე შიშის სინდრომის დამარცხებაში ეხმარებიან და ჩაჭრილ ბავშვებს სწავლის შესაძლებლობას აძლევენ. დირექტორი ამბობს, რომ არ იცის განათლების სამინისტრო მათ საქმიანობას როგორ აფასებს.

„იმისთვის, რომ 1 ან 2 ქულა დაკლებული აბიტურიენტი სომხეთში ავტორიზებულ სასწავლებელში მოვაწყოთ, საჭიროა მომართონ „განათლების ცენტრს“, მე დირექტორი ვარ. სომხეთში მოწყობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საგანშია აბიტურიენტი ჩაჭრილი. ჩვენ 2, 3 ან 4 საგანში ქულა დაკლებულ ბავშვებს არ ვიღებთ.

როდის დაფუძნდა თქვენი დაწესებულება და ამ დრომდე რამდენ სტუდენტს გაუწიეთ მომსახურება?

- ჩვენი კომპანია  ბაზარზე არის 2013 წლიდან. სტუდენტების მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. თუმცა, კონკრეტულ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ.

თქვენი მომსახურებით მომავალ აბიტურიენტებს სწავლის მოტივაციას ხომ არ უკარგავთ?

- არა, ჩემი აზრით, არანაირი მოტივაცია არ ეკარგება არავის. პირიქით,ჩვენ ვეხმარებით განათლების სამინიტროს მიერ გულნატკენ აბიტურიენტებს, რომლებიც განათლებულები და ნიჭიერი არიან, მაგრამ იჩაგრებიან, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ტესტი რომ ვერ დაწერა ეს არის შიშის ფაქტორი. იქ რომ მიგვყავს, გამოცდები უკვე აღარ არის შიშთან დაკავშირებული იმიტომ, რომ ის არის უკვე შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები. უნივერსიტეტის შიგნით არანაირი შიში არ არის. ჩვენ აკადემიური სწავლების კონკურენტები არ ვართ, აბიტურიენტს ეძლევა შესაძლებლობა ჩაირიცხოს საზღვარგარეთ უნივერსიტეტში.

როგორ აფასებს თქვენს საქმიანობას განათლების სამინისტრო ?

-  ეს ყველაფერი არის კანონის წესების დაცვით გაკეთებული. განათლების სამინისტრომ დანიშნა უნარების გამოცდა და სამი თვის მერე, ვისაც საქართველოში სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება,შესაძლოა მოუწიოთ უნარების გამოცდის ჩაბარება ან საერთოდ არ მოუწიოთ. გასულ წელს საერთაშორისო მობილობით გადმოსულ სტუდენტებს უნდა ჩაებარებინათ უნარების გამოცდა, მაგრამ მოხდა ისე,რომ არ ჩაუტარდათ და ჩაირიცხნენ კანონის ფარგლებში“, - აცხადებს ჯანო სამხარაძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, დაწესებულება, რომელსაც „პრაიმტაიმი ესაუბრა, კონკრეტულ შემთვევაში სრულყოფილ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს არ აძლევენ.

„მინისტრის ბრძანებით, კანონში გაკეთდა ჩანაწერი,რომლის მიხედვითაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ,სწავლის გასაგრძელებლად ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. ეს კანონი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა. როგორც თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იკვეთება ეგ დაწესებულება აბიტურიენტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის. გამოცდის გარეშე, სხვა ყველა შემთვევაში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი დოკუმენტები უბრალოდ ფარატინა ფურცლები იქნება“, - განმარტავენ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში“.

ავტორები: თამარ ბუჩუკური;  ნინი ტაველიძე