სკოლის მასწავლებელმა 6 წლის გოგონა გაიტაცა

17:02 09-05-2019
7088

სკოლის მასწავლებელმა ქალმა 6 წლის გოგონა დედას მკლავებიდან გამოჰლიჯა, მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

ინციდენტი სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში მდებარე დაწყებით სკოლასთან მოხდა. გატაცებიდან რამდენიმე წუთში, ბავშვის მამას დაურეკეს და ქალიშვილის უვნებლად დაბრუნების სანაცვლოდ, 135 000 დოლარი მოსთხოვეს.

გამტაცებლებს პოლიცია 19 საათის განმავლობაში ეძებდა. როგორც ირკვევა, სამართალდამცველების დევნით შეშინებულმა პედაგოგმა, ბავშვის მოშორება გადაწყვიტა და იგი ბნელ ქუჩის კუთხეში დატოვა.

პოლიციამ ჯამში სამი ეჭვმიტანილი, 2 ქალი და ერთი მამაკაცი დააკავა. 6 წლის ემი-ლი კი გამვლელმა წყვილმა ატირებული შენიშნა და პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა, სადაც ბავშვი თავის მშობლებს შეხვდა.

6 წლის გოგონას ემი-ლი დე ჯაგერი ჰქვია. მამამისმა, ვაინანდ დე ჯაგერმა დაადასტურა, რომ პოლიციის მიერ დაკავებული ერთ-ერთი ქალი, მისი 5 წლის ვაჟის მასწავლებელია.

გატაცების ფაქტი ორშაბათს მოხდა, გოგონა კი სამშაბათს იპოვეს. ეჭვმიტანილები პოლიციის განყოფილებაში არიან. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი: მარიამ გიგანი