ერიკ ჰოგი - მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისმა მხარემ მაქსიმალური თავშეკავებულობა გამოიჩინოს

22:15 08-30-2019
25

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი სოფელ წნელისში გამართულ შეხვედრას შედარებით კონსტრუქციულს უწოდებს.

ერიკ ჰოგის ინფორმაციით,  აღნიშნულ საკითხზე ახალი მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაიმართება.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო-ს გუნდები მიემართებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელიც დღეს წნელისში გაიმართა. შეხვედრა შედარებით კონსტრუქციული იყო.

გამოიკვეთა შესაძლო ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტად. ახალი მოლაპარაკებები მომავალი კვირისთვის დაიგეგმა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისმა მხარემ მაქსიმალური თავშეკავებულობა გამოიჩინოს“, – წერს ერიკ ჰოგი.

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა საქართველოს ულტიმატუმი 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე წაუყენა. ეგორ კოჩიევის განცხადებით, ქართული ბლოკპოსტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.