მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

21:47 08-30-2019
17

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს შექმნილი ვითარების გადასაჭრელად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი გამოიყენონ. სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააჟღერა. 

„ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ.“ - ნათქვამია განცხადებაში.