შეხვედრის მონაწილეებს გავუზიარეთ პოზიცია პოლიციის საგუშაგოს მოწყობაზე, რაზეც ჩვენი პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება - ირაკლი ანთაძე

17:32 08-30-2019
24

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, დე ფაქტო ცხინვალის და რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება.

„ვესწრებოდი შეხვედრას. კიდევ ერთხელ მონაწილეებს გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე სტანდარტული პოლიციის საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით.

ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, თუმცა შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები რომ არის მზაობა გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით მიღწეულ იქნეს შეთანხმება მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა.

მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით. საგუშაგო აქ დგას, შევთანხმდით იმაზე, რომ არ იყოს გადადგმული არანაირი ნაბიჯი მდგომარეობის ესკალაციისკენ და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეთანხმება მომავალ კვირაში ტექნიკური შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ზუსტ თარიღს, ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში, მხარეთა შეთანხმებით. ცენტრალური ხელისუფლების სახელით გაჟღერებულ იქნა პოზიცია რომ წარმოუდგენელია რომ ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე საფრთხე დაემუქროს საპოლიციო საგუშაგოს მხრივ,რომლის ერთადერთი მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.