Exclusive: აფხაზი ფეხბურთელის ნიაზ ძიაპშიპას შვილის ფერფლს თბილისსა და სოხუმში ჩაიტანენ

14:36 08-30-2019
1704

57 წლის აფხაზი ფეხბურთელის, თბილისის „დიანამოს“ საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველის, ნიაზ ძიაპშიპას შვილი, თამაზ ძიაპშიპა სიმსივნის დიაგნოზით მოსკოვში გარდაიცვალა.

მისმა ბავშვობის მეგობარმა და კლასელმა საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ მრევლთან ქადაგებისას განაცხადა, რომ თამაზ ძიაპშიპა გარდაიცვალა მოსკოვში და შვილებს გარდაცვალებამდე სთხოვა, კრემაციის შემდეგ ფერფლის ნახევარი თბილისში დაეკრძალათ და ნახევარი სოხუმში.

სასულიერი პირი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ თბილისის 62-საჯარო სკოლაში სწავლობდნენ მეათე კლასამდე.

„თამაზი მერე გადავიდა სოხუმში და თბილისშიც მოდიოდა,გვაკითხავდა კლასელებს... ძალიან მეგობრული კლასი გვქონდა, ჩვენთან სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობდნენ. მახსოვს გაკვეთილზე მასწავლებელმა მას ჰკითხა გრაფაში ეროვნების გასწვრივ რა ჩაგიწეროო. მან დაჟინებით მოითხოვა აფხაზიო. აფხაზი იყო სულით და ქართულ უზარმაზარ ენერგეტიკას ატარებდა. მისი ძმა ომარიც თბილისში ცხოვრობს. იმდენად უყვარდა ეს ორი ერი, რომ განუყოფელი იყო მისთვის ქართველი და აფხაზი. როცა ომი დაიწყო, დავშორდით. მე სასულიერო პირი გავხდი და წავედი ნიკორწმინდაში. მხოლოდ ტელეფონით თუ მოვიკითხავდი... რომ ვკითხე, მიიღებდა თუ არა ომში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ვიცოდი, მაინც ვკითხე. ომის მიმდინარეობის პერიოდში თბილისში ჩამოსულა და ასე უთქვამს, მე ვერც აფხაზს მოვკლავ და ვერც ქართველსო. თამაზიმ თავისი სიკვდილით საფუძველი ჩაუყარა ორი ერის გამთლიანებას და გაერთიანებას“- ამბობს წინამძღვარი.

თამაზ ძიაპშიპას კიდევ ერთი მეგობარი გია კობახიძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს,რომ მისი ცხედრის კრემაცია მოსკოვში მოხდა.

მისივე ინფორმაციით, თამაზის შვილები მამის ფერფლის ნახევარს თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე მამის, ნიაზ ძიაპშიპას გვერდით დაკრძალავენ, ხოლო ფერფლის ნაწილს სოხუმის საგვარეულო სასაფლაოზე.

„ველოდებით შვილების ჩამოსვლას და შევიკრიბებით მეგობრები მათ საფლავთან“,- გვითხრა გია კობახიძემ.

თამაზ ძიაპშიპას მამის ფეხბურთელ ნიაზ ძიაპშიპას გამოსახულებით საფოსტო მარკა აფხაზეთში 2009 წელს დაიბეჭდა.

 

ავტორი: თეა შონია