სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ჩორჩანაში ჩავიდა

12:25 08-30-2019
84

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტისპირა სოფელ ჩორჩანაში ჩავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა.

„ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი და ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი. არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება შედგეს მათი შეხვედრა დე-ფაქტო ცხინვალის და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან, რომელსაც შესაძლოა დაესწროს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელიც. ვნახოთ, არ გავასწროთ მოვლენებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ პროცესი“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ადგილზე ბლოკპოსტის განთავსება უსაფრთხოების გარემის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა.  

ცნობისთვის, სოფელი ჩორჩანაში 29 აგვისტოს გვიან ღამით საოკუპაციო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. 

მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიზეზით ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში 95-ე სამუშაო შეხვედრა ჩაიშალა. 

10 საკითხიდან განიხილეს მხოლოდ ერთი, ისიც ნაწილობრივ. საუბარია სოფელ ჩორჩანასთან მძიმე ტექნიკის გადაადგილებაზე.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვა. ულტიმატუმის ვადა კი 30 აგვისტოს, 06:00 საათაზე ამოიწურა.