„ქეშით იხდი, თუ ბარათით?“ - როგორ „ეკურთხებიან“ მამაოებად გირჩის ბიბლიურ თავისუფლებაში

22:27 08-29-2019
209

სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის დასაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, „გირჩის“ მიერ შექმნილ „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანებაა. მოქალაქეს 50 ლარის სანაცვლოდ თავისუფლად შეუძლია საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევები გადაავადოს. პროცედურულად, დაინტერესებული პირი თავდაპირველად 50 ლარს იხდის, შემდეგ კი იღებს „ბიბლიური თავისუფლების“ ეპისკოპოსების და მღვდელმთავრების მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რომ მას შეუძლია ქრისტიანული, ევანგელისტური და პროტესტანტული ეკლესიის სახელით ქადაგება, აღნიშნული დოკუმენტი კი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებაში ეხმარება.

„პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანდა, პროცედურულ საკითხებზე უამბობს.

„გასაუბრების პროცესი შეიძლება ითქვას, რომ სახალისოა. როდესაც მივედი პირველი რაც მკითხეს იყო - ხელზე ვიხდიდი თანხას თუ ბარათით. ამის შემდეგ ჩაიწერეს პირადი მონაცემები და მკითხეს რომელი რაიონიდან ვიყავი გაწვეული. შემდეგ მომცეს დოკუმენტი და მითხრეს გამგეობის კანცელარიაში დამეტოვებინა. სულ ეს იყო, პროცედურები 5 წუთსაც კი არ გაგრძელდა... ათი ათასობით ლარი დავხარჯე, რომ შესაბამისი განათლება მიმეღო. ახლა ჩემი პროფესიით ვმუშაობ და ხელფასიც სოლიდური მაქვს. ერთი წელი ჯარში წასვლით ვკარგავ ყველაფერს, რასაც აქამდე მივაღწიე. 1 წელი არცერთი სამსახური არ დაგელოდება“, - აცხადებს მოქალაქე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

„პრაიმტაიმი“ „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ უკვე 20 ათასზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში, დოკუმენტის გაცემაზე ფასის დაწესება კი გადავადების მსურველთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.

„ამ ორგანიზაციის არსებობის მანძილზე დაახლოებით, 20 ათასზე მეტ ახალგაზრდაზე გაიცა „ბიბლიური თავისუფლების“ საბუთი. მოწმობა თავდაპირველად უფასო იყო, შემდეგ ნებაყოფლობითი - 20 ლარიანი და ახლა 50 ლარი ღირს, თუმცა, რეალურად, არც ერთი ადამიანი არ დაგვიტოვებია უსაბუთოდ, იმის გამო რომ ფული არ ჰქონდა. უდიდესი ნაწილი უფასოდ გვაქვს გაცემული. ფინანსები ხმარდება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ, ასევე დოკუმენტაციის დამზადებას. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული, ვხარჯავთ იმ საჭიროებებისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციას გააჩნია. როდესაც იყო ნებაყოფლობითი, ფაქტობრივად არავინ არ იხდიდა თანხას და სუფსიდიაზე იყო დამოკიდებული. ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ არ შეგვეძლო ამ პროექტის დასუფსირიდირება და პირიქით, აქეთ დაგვჭირდა სუფსირიდება. ამის გამო გავხდით იძულებულები ფასი მოგვემატებინა. რაღაც ბიუჯეტი უნდა დაგვეგეგმა,  რომ პროექტი საერთოდ არ ჩავარდნილიყო. მეორე ალტერნატივა პროექტის დახურვა და შუა გზაზე მიტოვება იყო, თუმცა არც იმ ხალხთან და არც საკუთარ თავთან აღარ ვიქნებოდით მართლები. თან მგონია, რომ თითო გადავადებაში სახელმწიფო საფასურისგან 40-ჯერ ნაკლებ თანხას ვიმსახურებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საბუთს მხოლოდ ჩვენ არ გავცემთ. მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც ჰყავთ გათავისუფლებული ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან“, - აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი.

იაგო ხვიჩიას თქმით, საბუთის გაცემის შემდეგ იყო შემთხვევები, როდესაც კომისრები ადამიანებს ხელს უშლიდნენ გადავადებაში და ემუქრებოდნენ, ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ კი ყველა პრობლემა აღმოიფხვრა.

ამასთან, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ პარტია აქტიურად ითხოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში კი მხოლოდ ის პირები უნდა მიდიოდნენ, ვისაც ამის რეალური სურვილი აქვს.