არჩილ თალაკვაძე სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

22:21 08-29-2019
19

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, დელფიმ სანტიაგო დას ნევესი მიიღო, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის  გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებს დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სპიკერებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს.  არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ეს არის სან-ტომე და პრინსიპის და მთლიანად აფრიკის ამ რეგიონის ქვეყნებიდან პარლამენტის უმაღლესი რანგის პირველი, ისტორიული ვიზიტი. შესაბამისად,  ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია თქვენი მასპინძლობა.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე,  შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ურთიერთობებს, მათ შორის, ისეთ ფორმატებში, როგორებიც არის საპარლამენტთაშორისო კავშირი, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა და სხვა საერთაშორისო ფორმატები.

დავაფიქსირეთ ქართული მხარის მზაობა, რომ ჩვენს კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი წარმატებული გამოცდილება და ცოდნა რეფორმების მხრივ, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების, ეკონომიკის, პოლიციის, კორუფციასთან ბრძოლის და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.

განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და მოხარული ვართ, რომ არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის პოლიტიკას ექნება სან-ტომე და პრინსიპის ძლიერი მხარდაჭერა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ქართველ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სან-ტომე და პრინიპის პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, სან-ტომე და პრინსიპი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობით. 

დელფიმ სანტიაგო დას ნევესმა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ  ვითარებაზე ისაუბრა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა.

„დღეს ვეწვიეთ ადგილს, რომელმაც დიდი ემოციები გამოიწვია ჩვენში.  სხვა რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე რეალური სიტუაცია საქართველოში, ჩვენი პოზიციები შეიცვალა, რადგან  დიდი განსხვავებაა, თუ რა ინფორმაციას ეცნობი შორიდან და რას ხედავ ადგილზე. სიტუაცია საკმაოდ დრამატულია. მნიშვნელოვანია,  მშვიდობიანი გზით და რაც შეიძლება, სწრაფად მივაღწიოთ პრობლემების მოგვარებას. მინდა, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“,- განაცხადა სპიკერმა.​