„აღარ ვაპირებ იმ საიდუმლოს შენახვას, რასაც ჩემი ძმა დღემდე ინახავს“ - თორნიკე მამალაძე

19:16 08-29-2019
601

აღარ ვაპირებ იმ საიდუმლოს შენახვას, რასაც ჩემი ძმა დღემდე ინახავს , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

​მისივე თქმით, გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილამდე საქართველოს წინა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, თუმცა მაშინაც უარი მიიღო.

„მე აღარ ვაპირებ იმ საიდუმლოს შენახვას, რასაც ჩემი ძმა დღემდე ინახავს და რის გამოც საპატიმროში ტყუილად ზის“, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ გიორგი მამალაძემ.

შეგახსენებთ, „უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება” – ამ ბრალდებით 2017წლის 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასულიერო პირი და საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. ის სხვა სასულიერო პირების დელეგაციასთან ერთად გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, 2 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩავიდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძის ბარგში სამართალდამცავებმა მომწამვლელი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ იპოვეს, რომელიც მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობისთვის სჭირდებოდა. 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თორნიკე მამალაძემ ჯერ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა, ახლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არც ერთმა პრეზიდენტმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას ხელი არ მოაწერა. 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მამალაძე არ შეიწყალა, ოჯახმა აქციები დააანონსა.

„სექტემბრიდან აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი, ჩვენ ვიბრძოლებთ. ახლა ოჯახი პროტესტის ფორმაზე ვმსჯელობთ, შევთანხმდებით და საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, - ამბობს თორნიკე მამალაძე.