ვინ არის ქალი ფოტოზე, რომელიც ყველას ნატო ვაჩნაძე ჰგონია

19:01 08-29-2019
9393

თეატრისა და კინოს მსახიობი ალექსანდრა თოიძე გახლდათ ცნობილი მხატვრების ოჯახის წევრი – მოსე თოიძის ქალიშვილი და ირაკლი თოიძის და. მისი თეატრალური და კინოროლები კი ქართულ თეატრალურ სამყაროსა და მაყურებელს კარგად ახსოვს. ინტერნეტსაიტებზე არაერთგან შეხვდებით ფოტოპორტრეტს, რომელიც თავდაპირველად შეცდომით გავრცელდა, როგორც ნატა ვაჩნაძის ფოტო. სინამდვილეში კი მასზე სწორედ ალექსანდრა თოიძეა, კადრი კი არის ფილმიდან – „დინა ძაძუ“.

ფოტოს ისტორიის შესახებ „პრაიმტაიმს“ ალექსანდრას შვილიშვილი, დავით ამირეჯიბი ესაუბრბა.

ფოტო–პორტრეტი არის ფილმიდან „დინა ძაძუ“, რომელიც 1926 წელს იური ჟელიაბუჟსკიმ გადაიღო და მასში ქართველი მსახიობების ბრწყინვალე პლეადა თამაშობს. ამ ფილმის გადაღების ისტორია ბებიას თავის მოგონებებში აქვს მოთხრობილი. წლების განმავლობაში, მთელ რიგ საიტებზე ბებიას ფოტო ნატა ვაჩნაძის სახელით მხვდებოდა. სადაც შესაძლებლობა იყო, კომენტარს იქვე ვაკეთებდი და ინფორმაციებს რუსული საიტებიდანაც ვაზიარებდი, სადაც სრულიად ნათელი იყო, რომ ეს ალექსანდრა თოიძის ფოტოა. გადის დრო და ეს ფოტო იმ რუსული საიტებიდანაც ქრება. ვფიქრობ, ეს შემთხვევითი აღარ არის. ქართულ საიტებზე ეს ტენდენციასავითაა უკვე და ამ ფოტოს ასე არევა შეურაცხყოფაა როგორც ნატა ვაჩნაძის, ისე ბებიასი, ესე იგი, მათ არცერთი არ იციან. როგორ შეიძლება ასეთი სახეები აგერიოს?...

ნატაც ძალიან ლამაზი ქალი იყო და ბებიაც, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. ნატა ალექსანდრაზე სამი წლით უფროსი იყო, ბებია 1907 წელს იყო დაბადებული. ბებიას სახლში ნატა ვაჩნაძის რამდენიმე უნიკალური ფოტო ჰქონდა, რომლებიც შენგელაიებსაც კი არ აქვთ. ნატას მიმართ ის ძალიან კეთილგანწყობილი იყო, აღფრთოვანებული იყო მისი სილამაზითა და ოსტატობით. ნატაც ანალოგიურად, ძალიან კეთილგანწყობილი იყო ბებიას მიმართ. მათ საერთო წრე, ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ. ნატას შავ–თეთრი ფოტო, ვარდი რომ უჭირავს, ჩვენი სახლიდან გავრცელდა ინტერნეტში, ჩვენთან კედელზე ეკიდა.

ფოტოზე:

ნატა ძირითადად კინომსახიობი იყო, თეატრში საერთოდ არ უთამაშია, ბებია კი უფრო თეატრალური მსახიობია, მაგრამ ამავე დროს, 13–14 ფილმში მონაწილეობდა, მათ შორის, მთავარ როლებში“, - ამბობს დავით ამირეჯიბი.

ალექსანდრა თოიძის შვილიშვილთან, ვრცელ ინტერვიუს „პრაიმტაიმი“ ხვალ შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: თამთა დადეშელი