დაიმუქრნენ და ულტიმატუმები წამოაყენეს - რა მოხდა ერგნეთის შეხვედრაზე

17:29 08-29-2019
2676

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერგნეთის შეხვედრა დღესაც ჩაშალეს.

განცხადება ამის შესახებ  სუს-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისი განცხადებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა ჩორჩანას ინციდენტის განხილვისას წამოაყენეს ულტიმატუმები და დაემუქრნენ აი პი არ ემის ფორმატის ფუნქციონირებას. ოსური მხარე ჩორჩანის ტყეში ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტის გაუქმებას  ითხოვდა, რაზეც ქართული მხარისგან უარი მიიღო:

„ამ საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ  აი პი არ ემის ფორმატის ფუნქციონირებას“ - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

მისივე განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას აკისრებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი, 95-ე სხდომის დღის წესრიგში სულ 10 საკითხი იყო განსახილველი, მათ შორის გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის საკითხები, თუმცა შეხვედრა ჩორჩანას ინციდენტის განხილვისას ჩაიშალა.