თურქეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“ თავს დაესხნენ - რა ვიცით „კვეჟოვიჩის“ შესახებ?

23:25 08-28-2019
25483

თურქეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“ გურამ ჩიხლაძეს, იგივე „კვეჟოვიჩს“ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა გავლენიან კრიმინალურ „ავტორიტეტთან“ ნადირ სალიფოვთან (ლოტი გული) შეხვედრის დროს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, „კვეჟოვიჩს“ 2017 წელს სტამბულში მოკლული „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯაინიევის გარემოცვასთან ახლობლობა არ აპატიეს. პრესა წერს, რომ გურამ ჩიხლაძეს ნადირ სალიფოვის გარემოცვა გაუსწორდა, რომელთა სახელიც როვშან ჯანიევის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. 

ბოლოს გურამ ჩიხლაძის სახელმა გასული წლის იანვარში გაიჟღერა, როდესაც ის მოსკოვში ნაქირავებ ბინაში დააკავეს.  

მიუხედავად იმისა, რომ ჩიხლაძე წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა, მას ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავებოდნენ. 

გურამ ჩიხლაძე „კანონიერ ქურდად“ 16 წლის ასაკში აკურთხეს. მის სახელს უკავშირდება ქურდულ სამყაროში ერთ-ერთი გახმაურებული შურისძიება.

მის „კარიერაში“ დიდი როლი ითამაშა 1994 წელს მომხდარმა ფაქტმა, როდესაც 9 წლის გურამ ჩიხლაძის თვალწინ ჩაცხრილეს დედა და მამა (ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ავთო ჩიხლაძე, იგივე „კვეჟო“). შემთხვევა მოსკოვში, ჩიხლაძეების ბინაში მოხდა. მაშინ თავდამსხმელებმა, ასევე, ესროლეს 9 წლის გურამ ჩიხლაძესაც, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

20 წლის შემდეგ,  2014 წლის 11 იანვარს მოსკოვის შემოგარენში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით მელქაძე, მეტსახელად „დათო ფოთინსკი“ მოკლეს. კრიმინალურ ავტორიტეტს თავდამსხმელმა ცეცხლი კრასნოგორსკის ჰიპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაუხსნა, სადაც ის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.

პრესა წერდა, რომ ჰიპერმარკეტიდან გამოსულ მელქაძეს ავტომანქანამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა მოულოდნელად უცნობმა ცეცხლი გაუხსნა. მელქაძე ინსტინქტურად უმცროს ქალიშვილს გადაეფარა, ხოლო ცოლსა და უფროს ვაჟს (10 წლის) დაუყვირა, – გაიქეცითო. მოულოდნელად მკვლელის იარაღში ტყვია გაიჭედა, რამაც საშუალება მისცა მელქაძესა და მის მხლებლებს ჰიპერმარკეტში შეეღწიათ, თუმცა კილერი არ მოეშვა და სროლით დაედევნა… მძიმედ დაჭრილი მელქაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ითქვა, რომ სწორედ უმცროსმა ჩიხლაძემ იძია შური დავით მელქაძეზე, რომელსაც 20 წლის წინათ მისი მშობლების მკვლელობაში ადანაშაულებდა. ნიშანდობლივია, რომ დავით მელქაძე 10 წლის ვაჟის თვალწინ დაცხრილეს, ისევე, როგორც 20 წლის წინათ მოკლეს „კვეჟო“ 9 წლის ვაჟის თვალწინ.