სანდრო ახმეტელის 222 მტანჯველი დღე

18:18 08-28-2019
18191

საბჭოთა ტირანია თეატრალურ სამყაროში

დიდ ადამიანებს ძეგლები არ აქვთო, ამბობენ...  სანდრო ახმეტელს კი ნამდვილი საფლავიც არ აქვს... მისი გვარ-სახელი მთაწმინდის პანთეონში, 30-იან წლებში რეპრესირებულ კორიფეთა შორისაა ამოტვიფრული სამახსოვრო მემორიალურ დაფაზე. თავისუფალი საქართველოსთვის მებრძოლთა განადგურება იყო და ახლაც არის რუსული ოცნება. ეს 30-იანი წლების, გასაბჭოებული, რუსული საქართველო იყო...

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ საქმეებში, სანდრო ახმეტელის შესახებ სრული დოკუმენტაცია არ არსებობს, რადგან მავანმა საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გამო, მოსკოვში, კრემლის არქივში გადაიტანა. თუმცა, დიდი რეჟისორის შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია სხვადასხვა ჩვენებებშია გაბნეული. მან 222 დღე-ღამე გაატარა შინსახკომის ციხეში. სანდრო ახმეტელზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მორალურ ტერორს მის გასატეხად. ახმეტელი სამი თვე უძლებდა ჩეკისტების ჯოჯოხეთურ წნეხს, თუმცა, ბოლოს დანებება არჩია. გაუგონარი სისასტიკის ატანას, სიკვდილი ამჯობინა და ლავრენტი ბერიას მიერ მითითებით შეკერილ საქმეს ხელი მოაწერა. თავის მხრივ, სამეულმა მისი დახვრეტის ოქმი დაადასტურა ხელმოწერით...

გზა თეატრამდე... 

მანამდე  კი, დიდი რეჟისორის ცხოვრება ისე მიდიოდა, როგორც სხვა ყველასი. ისიც იყო ბავშვი, რომელიც ოცნებობდა, მოზარდი, რომელიც მიზნების მიღწევისთვის ირჯებოდა და ზრდასრული მამამკაცი, რომელმაც თავი დამოუკიდებელ საქართველოს შეწირა...

1886 წლის 14 აპრილს  სიღნაღის რაიონში, სოფელ ანაგაში დაიბადა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი რეჟისორი, სახალხო არტისტი ალექსანდრე, იგივე სანდრო ახმეტელი. სანდროს მამა, ვასილ ახმეტელაშვილი სოფელ ანაგას, თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანი იყო, დედა მარიამ ოდიშელიძე. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა. სანდროს სამი ძმა და ერთი და ჰყავდა. 1905 წელს თელავში გაიცნო ტასო როსტომაშვილი. წყვილს ორი ვაჟი, შალვა და ჯიმშერი შეეძინა. ახმეტელის თეატრალური კარიერა 1910 წელს დაიწყო. მაშინ დადგა პირველი სპექტაკლი „ღალატი“. თვითონვე იზრუნა გრიმსა და კოსტიუმებზე. მრავალმხრივ ნიჭიერმა 1912 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ის თბილისის ქართულ თეატრში რეჟისორად მიიწვიეს.  1923 წლიდან 1935 წლამდე იკავებდა რუსთაველის თეატრში რეჟისორის ადგილს, კოტე მარჯანიშვილის მიწვევით.

სიყვარულის გამო თეატრალური დაპირისპირება

ახმეტელი რუსთაველის თეატრში შეხვდა მისი ცხოვრების უკანასკნელ და უდიდეს სიყვარულს, თამარ წულუკიძეს. დიდ რეჟისორს თავდავიწყებით შეუყვარდა თავისზე 17 წლით უმცროსი თამარი. ამ ტრაგიკული ბედის მქონე ქალთან ურთიერთობას უშლიდნენ თეატრალები. როდესაც სანდრომ თამარის ცოლად შერთვის სურვილი გაახმაურა, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. როგორც ხორავას მოგონებებიდანაა ცნობილი, სანდროს თავის გუნდისთვის უთხოვია „მაჩუქეთ მე ეს ქალიო“. თეატრალებმა დიდი სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლას თავი მიანებეს. წყვილმა იქორწინა და ვაჟი შეეძინათ. მამის მოსახელე, სანდრო...

საბედისწერო სპექტაკლი

თავისუფლების უსაზღვრო მოყვარულმა ახმეტელმა 1930 წელს დადგა საბედისწერო სპექტაკლი „ლამარა“. წარმატებულ წარმოდგენას დაესწრო სტალინიც. ქართული ეროვნული სულისკვეთების ოსტატური რეჟისურა, დაუწუნეს ტირანებმა სანდროს.მეორეს მხრივ კი, პიესის ავტორი ადარდებთან კომუნისტებს. გრიგოლ რობაქიძე თვალში არ მოსდიოდათ. სტალინმა და ბერიამ მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ევროპაში გაეშვათ დასი იმის დასტურად, რომ მათი ბრალდება საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების კულტურულ თავისებურებებს ანადგურებდა საბჭოური მიდგომა, და პროპაგანდა გაეწიათ ვითომ და, ტოლერანტული კომუნიზმისათვის... თუმცა, აფიშა გახდა ჩეკისტების მთავარი პრობლემა. პიესის ავტორი არამც და არამც არ უნდა დაბეჭდილიყო. ამიტომ, ცენზურის კომისიამ მარტივად გადაწყვიტა ეს სირთულე: აფიშაზე დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას „ლამარა“ რობაქიძის „ლამარას“ ნაცვლად... გასტროლის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება ითხოვდა სპექტაკლის მოხსნას  რეპერტუარიდან. ახმეტელი არ დაემორჩილა მათ ნებას. ამის შემდეგ. 1933 წელს, ის მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით წარსდგა, მან სცენაზე გააცოცხლა შილერის „ყაჩაღები“, სადაც ყაჩაღთა ბრბო ერთიანდება და უპირისპირდება ტირანიას...  ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა მართლაც, ტირანებისათვის. სწორედ 30-იან წლებში დაიწყო ყველაზე დიდი სპექტაკლი, სტალინისა და ბერიას რეჟისურით. მათი წარმომდგენები სასტიკი იყო, თუმცა, უნიჭოდ შეთითხნილი... როცა, ყველა პატრიოტი დამოუკიდებელი სამშობლოსთვის თავიანთი პლაცდარმებიდან იბრძოდნენ, სწორედ მაშინ მათ წინააღმდეგ აგორდა პატრიოტების გაწყვეტის ტალღა. ტროცკისტებად მონათლეს ათასობით ადამიანი, თითქოს ისინი, სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ, ფიზიკური ლიკვიდაციის მიზნით, გეგმავდნენ ტერორისტულ აქტს. ტროცკისტების გრძელ სიაში შეიყვანეს: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ახმეტელი და კიდევ ბევრი...

აკაკი ვასაძე, ახმეტელის დამსმენი?!

როცა, ახმეტელი ქართული თეატრის კულტურულ აღორძინებაზე თავდაუზოგავად შრომობდა, ბედისწერა ნელ-ნელა მის აღსასრულზე ისტორიის წერას ასრულებდა. საუბედუროდ, ქართველ თეატრალებს შორის გაუგებრობამ იჩინა თავი. სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე ჩამოაქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა გაათავისუფლა თეატრიდან. ლავრენტი ბერიამ გადაწყვიტა, ესარგებლა შემოქმედებითი დაძაბულობით და ახმეტელს ვასაძისა და ხორავას თანამდებობებზე აღდგენა დაავალა. ახმეტელმა ტირანის წინაშე არ დაიჩოქა. არ შეასრულა ბელადის დავალება. დაუმორჩილებლობის გამო, რეჟისორი გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან. მისი შემოქმედებითი გზა მოსკოვში, „მწვანე თეატრში“ გაგრძელდა. ახმეტელის მოსკოვური თეატრალური ცხოვრება წუთებს ითვლიდა. ჩეკისტები სანდროსთვის ამზადებდნენ ტყვიას. ის მწვანე თეატრში დააპატიმრეს. ეტაპით მოსკოვიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

სანდრო ახმეტელის საქმე N 1293

შსს-ს არქივში დაცულ 30-იანი წლების საქმეებს შორისაა სანდრო ახმეტელისა და მისი დასის საქმეც, ნომრით: 1293. ორი ტომი ახმეტელის კონტრ-რევოლუციონერობისა და ტროცკისტის იარლიყის მისაკერებლად აიკინძა. სანამ ფორმალურობის დასაცავად ჩეკისტები ე.წ. მოწმეებს დაატარებდნენ 222 დღე-ღამის განმავლობაში, სინამდვილეში გაცილებით ადრე იყო სანდროს ბრალდებაც, პასუხისგებაცა და დასასრულიც გადაწყვეტილი. მასთან ერთად ბერიამ სასტიკად დასაჯა დასის წევრებიც: პლატონ კორიშვილი, ელგუჯა ლორთქიფანიძე, გია ქანთარია, ივანე ლაღიძე, თამარ წულუკიძე-ახმეტელი, ბუჟუჟა შავიშვილი და ნინო აღნიაშვილი. ისინი 1936 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. სანდრო ახმეტელსა და თეატრის დასის წევრებს ბრალად დასდეს ჯაშუშური საქმიანობა ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ, ტროცკისტულ-ზინოვიევური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა, ასევე  ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კომუნისტებს ეჩქარებოდათ ქართველი დიდი გენიის განადგურება. სანდრო ახმეტელი მოსკოვში 1936 წლის 19 ნოემბერს დააპატიმრეს. დაკავების დადგენილება კი გამოიცა, 1936 წლის 5 დეკემბერს. საქმეში არც პროკურორის სანქცია არსებობს, რადგან არც წინასწარ ძიებაში ყოფილა ჩართული და არც სასამართლო პროცესზე. დაკავებიდან სამი თვე ახმეტელი არ აღიარებდა უდანაშაულო დანაშაულს. უკან არც უსამართლო სამართლის ავტორი შინსახკომელები იხევდნენ. ბერიას მითითებით, სასტიკი წამების მეთოდები პირადად გამოცადა სანდრომ. დაუძლურებული დიდი რეჟისორი ლავრენტის სურვილით, რუსთაველის პროსპექტზე ღია მანქანით გაატარეს, ხალხის მტრად წოდებულის ხვედრის სადემონსტრაციოდ და შიშის სინდრომის გაძლიერების მიზნით. ამ საზარელი სანახაობის საყურებლად საგანგებოდ გამოიყვანეს რუსთაველის თეატრიდან მსახიობები... სამ თვიანი წამების შემდეგ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად სანდრო გატყდა, დაყვა ჩეკისტების ნებას, მოაწერა ხელი ყველა იმ ბრალდებას, რაც უნდოდა მისგან საბჭოთა ხელისუფლებას. თუმცა, რუსთაველის დასის წევრებმა სასამართლოზე უარყვეს ძიების დროს მიცემული ჩვენებები. მათ დაადასტურეს რომ ძალისმიერი მეთოდებით მოხდა აღიარებითი ჩვენების მიცემა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლეზე ამას არავითარი გავლენა არ ქონია... საქმეში დევს კონსტანტინე გამსახურდიასა და ინჟინერ, ვლადიმერ ჯიქიას ჩვენებებიც, რომლის მიხედვითაც 1935 წელს პირად საუბარში ახმეტელმა ძალზე უხეშად და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ბერია. სანდრო ახმეტელის ოქროს მოწმედ აკაკი ვასაძეა წარმოდგენილი. მისი ჩვენებების მიხედვით, წარედგინა ბრალად ჯაშუშობა, კონტრ-რევოლუციონერობა და ტროცკისტობა რეჟისორს. მანვე ამხილა კომუნისტების მტრებად მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი. პარტიული ელიტიდან კი, ბუდუ მდივანი. ვასაძის ჩვენებაში, ის ამხელს სანდროს, რომ თეატრში მიზანმიმართულად ეწეოდა კონტრრევოლუციურ, მავნებლურ საქმიანობას, კონტაქტი ჰქონდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან, რომლისგანაც პერიოდულად იღებდა ფინანსურ დახმარებას, დგამდა ანტისაბჭოურ სპექტაკლებს. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა,  აკაკი ვასაძემ სამჯერ მისცა ჩვენება  “კონტრრევოლუციონერებად დაასახელა კიდევ ექვსი ადამიანი. მათ შორის, ცნობილი მხატვარი, პეტრე ოცხელი. სანდრო ახმეტელის საქმის გამოძიება 7 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და 1937 წლის 28 ივნისს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ალექსანდრე ახმეტელს და თეატრის თანამშრომლებს – პლატონ კორიშელს, ელგუჯა ლორთქიფანიძეს, გია ქანთარიასა და ივანე ლაღიძეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით, მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, ქონების კონფისკაციით. ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს, ბუჟუჟა შავიშვილისა და ნინო ღვინიაშვილს – ათწლიანი პატიმრობა გადასახლებით. სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.

ტრაგიკული ქალის ხვედრი

სანამ თამარ წულუკიძე-ახმეტელი გადასახლებაში მძიმე წლებს ითვლიდა. მხოლოდ ერთხელ დართეს სამშობლოში ჩამოსვლის ნება ჩეკისტებმა. გადასახლების მეორე ეტაპზე, მის ერთადერთ ვაჟს, სანდროს უბოძეს დედის სანახავად ჩრდილოეთში წასვლის უფლება. გამგზავრების წინა დღეს, უბედური შემთხვევა მოხდა, ტრამვაის ბორბლებმა გათელეს მოზარდის სხეული. ამ ტრაგიკულმა ქალბატონმა დაკარგა საყვარელი მეუღლე, შვილი, თავისუფლება, ყველაფერი ის, რაც გაანადგურებდა... გადასახლებიდან ჩამოსულმა ერთადერთხელ ითამაშა დედის როლი დიდ სცენაზე. ფაქტობრივად კი არ ითამაშა, თავისი ცხოვრებისეული როლი განასახიერა მაყურებლის წინაშე, პიესის მიხედვით დაკარგულ შვილს ეძებდა. თამარი საოცარი ტრაგიზმით მიმართავდა დამსწრეებს, სადაა ჩემი საშა... სანდროსაც მოფერებით საშას ეძახდნენ... ისევ იყო მის ცხოვრებაში ოვაციები. ოვაციები, რომელიც გაქვავებულ მსახიობზე გავლენას ვეღარ ახდენდა...

ახმეტელების რეაბილიტაცია

ახმეტელებმა 1956 წელს, რეაბილიტაცია მიიღეს. მთავარმა მოწმემ, აკაკი ვასაძემ კი, უარყო თავისივე მიცემული ჩვენება. თუმცა, კრიმინალურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჩვენებებზე ნამდვილად ვასაძის ხელმოწერა იყო დატანილი. ეს იყო ცნობილი მსახიობის მცდელობა, თავი დაეღწია საზოგადოების თვალში იმ მძიმე ბრალდებისგან, რომელიც გასაჯაროვდა. თუმცა, ექსპერტები მის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდნენ ხელმოწერის ნამდვილობას. ვასაძემ საკუთარი ხელით დაადასტურა სანდროს დახვრეტის გადაწყვეტილება.

არაღიარებულ გენოციდს შეწირული სანდრო ახმეტელი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული კულტურის მატიანეში. მისი მკვლელები კი სულ რამდენიმე ათეულ გულშემატკივარს ითვლიან ჩვენს რეალობაში. ახმეტელი, ტიციანი, პაოლო, ჯავახიშვილი და კიდევ უამრავი სხვა გამოჩენილი თუ საზოგადოებისთვის უცნობი პირი 30-იანი წლების ტერორის მსხვერპლნი არიან. ვინ იცის, რომ არა, ის მომაკვდინებელი რეჟიმი, კიდევ რამდენ შედევრს უსახსოვრებდნენ ქვეყანას?! 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი