მორიგი უარი მივიღეთ ჩემი ძმის ციხიდან გამოშვებაზე - პრეზიდენტის შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე ისევ არ არის

17:44 08-28-2019
220

გახმაურებულ ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის ოჯახი მის შეწყალებას ელოდებოდა თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სასულიერო პირი ისევ ციხეში რჩება - ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ მამა გიორგის ძმას თორნიკე მამალაძეს ესაუბრა. 

„მორიგი უარი მივიღეთ ჩემი ძმის ციხიდან გამოშვების შესახებ, მორიგი უარი მის შეწყალებაზე. დღეს სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ჩემი ძმა არ მოხვედრილა. ჯერ ოფიციალური პასუხი არ მაქვს, მაგრამ პროცედურულად უნდა დაერეკათ, თუკი შეიწყალებდნენ... 

პარალიზებული კაცი არ შეიწყალეს, პრეზიდენტმა უარი თქვა. მწოლიარე რეჟიმში განაგრძობს პატიმრობას. ის თებერვლიდან დღემდე ციხის საავადმყოფოში წევს. მამა გიორგი ავადაა, მას უმძიმესი დიაგნოზი აქვს - დისოციაციური მოტორული აშლილობა. მას როგორი მკურნალობაც სჭირდება არათუ ციხის, არამედ - საქართველოში მკურნალობაც შეუძლებელია. მას საზღვარგარეთ სჭირდება მკურნალობა. 

სექტემბრიდან აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი, ჩვენ ვიბრძოლებთ. ახლა ოჯახი პროტესტის ფორმაზე ვმსჯელობთ, შევთანხმდებით და საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ - აცხადებს თორნიკე მამალაძე.  

„პრაიმტაიმი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაუკავშირდა. როგორც იქ განაცხადეს, მამა გიორგი მამალაძეს ციხის საავადმყოფოში ყველა ის სერვისი მიეწოდება, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. 

შეგახსენებთ, „უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება” – ამ ბრალდებით 2017 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასულიერო პირი და საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა.ის სხვა სასულიერო პირების დელეგაციასთან ერთად გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, 2 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩავიდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძის ბარგში სამართალდამცავებმა მომწამვლელი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ იპოვეს, რომელიც მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობისთვის სჭირდებოდა. 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თორნიკე მამალაძემ ჯერ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა, ახლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არც ერთმა პრეზიდენტმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას ხელი არ მოაწერა. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური