ბორის ჯონსონი დედოფალს პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით მიმართავს

16:20 08-28-2019
22

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყნის დედოფალს პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მთავრობა ამ თხოვნას დეპუტატების არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გააჟღერებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრებს აღარ დარჩებათ დრო ისეთი კანონის მისაღებად, რომელიც პრემიერ-მინისტრს 31 ოქტომბერს ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გაყვანაში ხელს შეუშლის.

გამოცემის ცნობით, ასეთი ნაბიჯი ქვეყანაში სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დეპუტატები Brexit-ის პროცესში სრულყოფილ მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.