ქართველები კი არ მიისწრაფიან ევროპელობისკენ, არამედ უკვე არიან ევროპელები - საქართველოს პრეზიდენტი

15:46 08-28-2019
371

ქართველები კი არ მიისწრაფიან ევროპელობისკენ, არამედ უკვე არიან ევროპელები – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე საქართველოს პრეზიდენტად უპირველესად იმიტომ ამირჩიეს, რომ ევროპელი ვარ. ევროპელობა საქართველოს მოქალაქეების გონებასა და მენტალობაში ღრმად არის გამჯდარი. ქართველები გრძნობენ, რომ ევროპელები არიან, ეს არ არის ის, რისკენაც ისინი მიისწრაფიან, ისინი უკვე არიან ევროპელები. ამასთან, ქართველები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი ევროპის მიმართ, რადგან მიაჩნიათ, რომ ევროპულ მისწრაფებას ალტერნატივა არ აქვს. ამას ევროპელები ხანდახან ვერ ამჩნევენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბრექსიტზე და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ეს გამოწვევა საქართველოსთვის ახალ კარებს გახსნის.  

„ევროპა ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ხდება კრიზისებიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის რომ, ევროპაში ყველა პროგრესი გამოწვეული იყო კრიზისით. რაც შეეხება ბრექსიტს, ეს დიდი გამოწვევაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ბრექსიტი გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, გაჩნდება ახალი ვალდებულება, რომ ევროპამ თვითრეფორმა გაატაროს. როგორც ოპტიმისტი, დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენთვის ახალ კარებს გახსნის.

საქართველო ყურადღებით აკვირდება ევროპაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა და ასეც მოვიქცევით. საქართველოს ექნება მკაფიო პროგრესი ევროპისკენ გზაზე და ევროპაშიც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, სად უნდა დავდგათ ფეხი, ახალ ევროპულ კონტექსტში. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ამავდროულად, ამბიციურებიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.